თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სუსის მიერ დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო სხდომა. მოსამრთლე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა და განაცხადა: „9 თვის განმავლობაში ციხეში ვარ და სამი საათი იყო ჩემი პროცესი. ადმინისტრაციული დავები გრძელდება ხოლმე სამი, ხუთი საათი. ჩემს საქმეში ათი გვერდი იქნება თავი-ბოლო. სამი „მოწმე“ ჰყავდათ გამოძახებული – მოწმე არ არსებობს ამ საქმეში, სამი ადამიანი, ორი არ მოიყვანეს. საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა, არაფერი დევს. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ ცხრა თვის განმავლობაში პროკურორი საჯაროდ არ ჩანდა, განცხადებებს არ აკეთებდა.
საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა, არაფერი დევს. ფარულად, მალულად რამის გაკეთებას, გაფუჭებას და დაშავებას არც მედავებიან, ეს ბევრის მიმანიშნებელი უნდა იყოს. არ მინახავს საჯარო განცხადება, რომ დაეცვას თავისი პოზიცია. პროკურატურას არ დაუცავს პოზიცია, რომ მე ვინმეს რამე შევთავაზე. ამ საქმეში არ არის დაზარალებული, არ არის ობიექტი, ვისაც გადავცემდი, არ არსებობს სიკეთე, რომელსაც მე მივიღებდი. პირობითად, როდესაც ადამიანს ედავებიან სამოხელეო დანაშაულს და მე ვიღაცას რაღაცას ვთავაზობ, ბუნებაში არ არსებობს სიკეთე – მატერიალური სიკეთე ან კეთილდღეობა, რომელსაც მივიღებდი. პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა იმისა, მაგალითად, რომ გინდოდეს, ბრალი აღიაროს ხაბეიშვილმა. რა უნდა ვაღიარო? საჯარო განცხადებები იყო, იმის იქით არაფერი. ფარულად, მალულად რამის გაკეთებას, გაფუჭებას და დაშავებას არც მედავებიან. ასე აღიქვა და აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა.
2025 წლის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შამათავამ ლევან ხაბეიშვილისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და უცვლელად დატოვა 2025 წლის 13 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა.
"იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.







