სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთმელიძის ინფორმაციით „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ბრალდებულის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა მიმდინარეობს პენიტენციურ სისტემაში დამტკიცებული მოშიმშილე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რაც გულისხმობს, სასიცოცხლო მაჩვენებლების ყოველდღიურ მონიტორინგს, დინამიკაში ლაბორატორიულ კვლევებს და საჭირო სპეციალისტების კონსულტაციებს.
გუშინ, ანუ 28 იანვარს ჩაუტარდა გაფართოებული ლაბორატორიული კვლევა. ამ ეტაპზე, მიღებული ნაწილი კვლევების მონაცემები - ნორმის ფარგლებშია, ხვალ ჩატარდება კიდევ სხვა კვლევები, დაგეგმილია ინსტრუმენტული კვლევებიც. ამჟამად, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ბრალდებული მრავალჯერ მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და მისმა ადვოკატმა. შემდგომშიც მათ შეუზღუდავად შეუძლიათ განახორციელონ შეხვედრები და ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში გაეცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ბრალდებულ მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის და მომავალშიც გაგრძელდება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევით.
ჩვენთვის თითოეული პატიმრის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია." - განაცხადა მალხაზ ურთმელიძემ.
ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.