სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ფორმებთან დაკავშირებით გამოცხადებული ბაზრის კვლევის ფარგლებში დაზუსტების პროცედურები მიმდინარეობს.
„პროცესი რამდენიმე მექანიზმით არის დაცული — არსებობს საბანკო გარანტიების მოთხოვნა, ეტაპობრივი მიწოდების კონტროლი, ხარისხის საექსპერტო შემოწმება და შესაბამისი ადმინისტრაციული მონიტორინგი. იქედან გამომდინარე, რომ საუბარია ძალიან დიდ მოცულობაზე — 1 მილიონ 800 ათას ტანსაცმლის ერთეულზე — შესყიდვა და მოწოდება ეტაპებად დაიგეგმა. ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად მოწოდებულ იქნება ფორმები მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისაც. ვიმედოვნებთ, ამ პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. გვინდა, რომ ქართული ბაზარი აქტიურად ჩაერთოს სასკოლო ფორმების წარმოებაში, შეიქმნას კონკურენცია, რაც, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს ხარისხს, ხოლო, მეორე მხრივ, დიზაინს უფრო მრავალფეროვანს და ხელმისაწვდომს გახდის. საბოლოოდ კი, სასკოლო ფორმა უნდა იქცეს არა მხოლოდ სავალდებულო ატრიბუტად, არამედ სკოლის იდენტობისა და კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად“, – განაცხადა მინისტრმა.









