საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"უკანონო პატიმრობაში მყოფი, “ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელმა, საიას თავმჯდომარესთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას.
საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს.
ამასთან, საია მიმართავს:
საქართველოს პროკურატურას - დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე და მოითხოვოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, რადგან მზია ამაღლობელის ქმედებები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმე და რატომ არ შეუჩერდა უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა. " - ნათქვამია საიას გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
შეგახსენებთ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".