"ქვეყანაში არის შექმნილი ეროვნული დონის საგანგებო ვითარება. ორმოცდაათი პოლიტპატიმარია და მათ შორის ერთ-ერთი მზია ამაღლობელია, რომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. გვაქვს ინფორმაცია იურისტებისგან. მე-16 დღეა შიმშილობს და 16-დღიანი შიმშილობა ყველა ადამიანის სიცოცხლისთვის არის საშიში და ძალიან დიდი დარტყმა". – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
"დღეს მივმართე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც არის გაეროს ნაწილი. საქართველო არის გაეროს წევრი, ყოველ წელს ორასი ათასს დოლარს იხდის საქართველო, რომ იყოს გაეროს წევრი და რაღაც გვჭირდება ამ შემთხვევაში.
ჯანმოს ევროპის განყოფილების დირექტორი არის ცნობილი ჰანს კრუგე და დღეს მას მივმართე, რომ სასწრაფოდ ჩაერიოს ამ საკითხში. მას აქვს საშუალება, შევიდეს და მოინახულოს მზია ამაღლობელი. გაეროს რამდენიმე დაწესებულება აქვს, რომელსაც ეს შეუძლია, ელემენტარული ჩარევაა, რომელიც საქართველოს ძალიან სჭირდება. მზია ამაღლობელის სიცოცხლე პოლიტიკური აქტი და ხუმრობა არაა, საგანგაშო ვითარებაა, ყველა ზომა უნდა მივიღოთ. გაერო არის ის, რომელსაც აქვს ბერკეტები, სამედიცინო თვალსაზრისით ამ საკითხში ჩაერიოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".