“ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელ  მზია ამაღლობელთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულ მ.ა.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და მის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს პენიტენციური სამსახური.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული მ. ა. უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.

ბრალდებული მ.ა. იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე, ბრალდებული, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.

ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი სამსახურისთვის პრიორიტეტულია.

მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის  ირაკლი დგებუაძემ განაცხადა:  "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".