სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის ინფორმაციით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს.
"ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. მისი დაკავებიდან დღემდე, ჩვენს მიერ ქალბატონი მზია მონახულებული იქნა 7-ჯერ. მათ შორის ჩემს მიერ, პირადადაც იქნა მონახულებული. ჩვენ ვიცით მისი განთავსების პირობები. მე უშუალოდ ვიყავი მასთან საკანში. ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება თვითონ ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, ამასთან დაკავშირებითაც ქალბატონ მზიას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, უტარდება კვლევები, ექიმი დღეში სამჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად იღებენ ინფორმაციას.
როდესაც შევხვდი მისი პოზიცია იყო, რომ შიმშილის შეწყვეტას არ აპირებდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღესაც იგივე პოზიციაზე რჩება", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადა აღნიშნულია: მზია ამაღლობელი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ - მისივე ინტერესებიდან გამომდინარე მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში
ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".