ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" საქართველოს ახლად არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი უწმინდესობის გზის გაგრძელება მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის.
მისვე თქმით, არის უამრავი გამოწვევა, რომელიც ახალ კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს ელოდება წინ, შესაბამისად, სამღვდელოებაც, წმინდა სინოდიც ამაში ერთიანი უნდა იყოს:
"მნიშვნელოვანი იყო ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის გუშინდელი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ნათქვამი სიტყვები მისი ქადაგებიდან, რომ ხვალ (დღევანდელ დღეს გულისხმობდა) საქართველოს ეკლესია აირჩევს კათალიკოს-პატრიარქს, რომლითაც აუცილებლად გაგრძელდება მისი უწმინდესობის, ილია მეორის დაწყებული გზა. მისი უწმინდესობის გზის გაგრძელება მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის, იმიტომ, რომ ნაყოფი ჩვენ თვალწინ არის და ნაყოფი კეთილი არის.
ილია მეორის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი, განხორციელებული ცვლილებები, ეკლესიის, ეპარქიების ზრდა. ახალ პატრიარქს მოუწევს ახალი ეპისკოპოსების გამორჩევა, საქართველოს ეკლესიის 7 კათედრა არის დაქვრივებული სხვადასხვა ეპარქიაში. ბუნებრივია, ამას მოჰყვება ახალი ეპისკოპოსების მუშაობა ხალხთან და საკმაოდ სერიოზულ და მნიშვნელოვან კათედრებზე არის საუბარი. საზღვრისპირა კათედრებზე საუბარი, სადაც მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ ეპისკოპოსები.
ახალი გამოწვევები, რაც მსოფლიოშია ეკლესიისთვისაც გამოწვევა არის და ეკლესიას ამ მხრივაც ექნება ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი, ახალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით, რათა ეკლესია ფერხულში არ ჩამორჩეს, ვინაიდან ახალგაზრდა თაობასთან უკვე სხვანაირად არის საჭირო საუბარი - ეკლესია ამისთვისაც უნდა მოემზადოს.
ახალგაზრდა თაობასთან სახარების მიტანა, უკვე სხვადასხვა ტექნოლოგიით შეიძლება მოხდეს. არის უამრავი გამოწვევა, რომელიც ახალ კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს ელოდება წინ. შესაბამისად, სამღვდელოებაც, წმინდა სინოდიც ამაში ერთიანი უნდა იყოს, რომ ერთად გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს,"- აცხადებს ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია.









