თუ კი რამე აწუხებდა მის უწმინდესობას მუდმივად, ეს არის ის რომ ჩვენ არ ვიცოდით ერთმანეთის მოსმენა, ის საოცარი მსმენელი იყო. ის აუცილებლად ბოლომდე უსმენდა ადამიანებს, ეს ნიჭია სიყვარულისაც, დიდი პატივისცემისაც ადამიანების მიმართ, - ამის შესახებ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს წავიკითხე მისი პატრიარქობიდან რამდენიმე თვეში გამოცემული კალენდარი და მისი პირველი ეპისტოლე, რომელსაც ასე ასრულებს: ღვთივკურთხეულო ქართველო ერო სარწმუნოებით, შრომით, სიყვარულით და სიკეთით წინ უკვდავებისკენ“, - აღნიშნა ჟვანიამ.

ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად ისრაელიდან საქართველოში ჩამოსულ დელეგაციაზეც ისაუბრა.

“საათ-ნახევრის წინ ისრაელიდან გამონაკლისის სახით დაჯდა თვიმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აქედან წაყვანის მიზნით ისრაელის მოქალაქეების, ისრაელიდან გამოსვლა არ არის, მაგრამ ნებართვა მიიღო რამდენიმე ადამიანმა, რომ ჩამოსულიყო სპეციალურად დაკრძალვაზე, მათ შორის არის ერთი მართლმადიდებელი არქიმანდრიტი, რომელიც უწმინდესის ახლობელია ათწლეულების მანძილზე. მასთან ერთად გამოფრინდა ერთი მუსლიმი ადვოკატი, რომელიც უშუალოდ იცნობდა პატრიარქს, ორი კათოლიკე და ბეთლემიდან პალესტინელი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში შვილთან ერთად, რომელიც უწმინდესის ნათლულია და რომელსაც მის პატივსაცემად ილია ჰქვია, 2012 წელს ბეთლემში მონათლა უწმინდესმა. ეს მიუთითებს მის მასშტაბურობაზე, პიროვნების, რომელიც გასული იყო თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ის ყოველგვარი დოგმატის დარღვევის გარეშე, გასული იყო იმ ჩარჩოების გარეთაც, რომელიც დამკვიდრებული იყო რაღაც სტიგმატური მართლმადიდებლურ ეკლესიაში”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.