მისი უწმინდესობა გასული იყო იმ ჩარჩოების გარეთ, რომელიც დამკვიდრებული იყო მართლმადიდებლურ ეკლესიებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრისას.
„მისი უწმინდესობა გასული იყო იმ ჩარჩოების გარეთ, რომელიც დამკვიდრებული იყო მართლმადიდებლურ ეკლესიებში, ასეთი ხდება ხოლმე, ისეთი დიდებული ადამიანები, როგორიც კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახლავთ, სწორედ რომ არღვევენ ამას ყველაფერს. რას ვგულისხმობ, ჩვენ, როდესაც ეკლესიაში სიარული დავიწყეთ, მაშინ ძირითადად რუსეთიდან მარაგდებოდა საქართველოს ეკლესიაც გარკვეული წიგნებით, ძირითადად რუსულიდან იყო ნათარგმნი, მაგალითად ფსალმუნის წიგნის ბოლოში (ახლაც არის შემორჩენილი იმ პერიოდში გამოცემული ეს წიგნები) ეწერა ცოდვების ჩამონათვალი, რა უნდა მოენანიებინა ადამიანს. იქ ეწერა თეატრალურ წარმოდგენაზე წასვლა, მუსიკალურ საკრავზე დაკვრა, საოპერო მუსიკის მოსმენა, ან სანახაობრივ წარმოდგენაზე წასვლა. რას აკეთებდა უწმინდესი თავისი პატრიარქობის პირველივე დღეებიდან - არა მხოლოდ აბონემენტის მქონე ჩვეულებრივი მოქალაქესავით საოპერო წარმოდგენებს ესწრებოდა საქართველოში, არამედ საპატრიარქოში მასპინძლობდა მსახიობებს თეატრისა და კინოს, ოპერის მომღერლებს, ძალიან ბევრ კომპოზიტორს, ყველასთვის საპატრიარქოს კარი ღია იყო და უფრო მეტიც, მან როგორც კათალიკოს-პატრიარქმა ის კი არ დაიწყო, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ შეასრულოთ, შეგიძლიათ წახვიდეთ, თავად მიდიოდა. შემდგომ, თავად წარუდგინა საზოგადოებას თავისი ნაწარმოებები, რომლებიც საოპერო ჟანრის და კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები იყო და იმის ნაცვლად, რომ თავად ექადაგა ამ საკითხებზე, თავად დააფუძნა ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“, რომელიც მთლიანად კლასიკური მუსიკის საზოგადოებაში შესვლას ემსახურებოდა“, - ამბობს ლაშა ჟვანია.









