ახლა სხვა სიმაღლეზე უნდა ავიდეს თეოლოგიური მეცნიერება. ველით, რომ ახალი პატრიარქი ამას წამოიწყებს - ამის ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ბევრი საქმეა ერთდროულად საკეთებელი, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ ეს მიმართულება იქნება, - ამის შესახებ ვარკეთილის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ვლადიმერ ვახტანგაძემ, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.

„დღეს მეტად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვეობა. სულ სხვა ნიშნით არის აღბეჭდილი, აღარ ჰგავს წარსულ ათწლეულებს და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ დიდ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ველით - რეფორმებს.

მედიამატარებლები აუცილებელია, მნიშვნელოვანია, სამქადაგებლო გზაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი თეოლოგიური მეცნიერების განვითარებაა - ამაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ჩემი მოკრძალებული, ერთი ქრისტიანის აზრით, ვფიქრობ, რომ არ იქნება. ეს არის საფუძველთა საფუძველი - განათლების რეფორმა.

ბუნებრივია, სიტყვა "რეფორმას" კარგი გაგება უნდა. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტად საღვთისმეტყველო განათლების აღორძინება საქართველოში. გვახსოვს გარდაცვლილი პატრიარქის ფასდაუდებელი ღვაწლი ამ მიმართულებით. წარმოიდგინეთ, ეს იყო კომუნიზმის პერიოდი, ტოტალიტარული რეჟიმი და ამ პირობებში მან შეძლო თბილისის სასულიერო აკადემიის, უმაღლესი თეოლოგიური სკოლის დაარსება.

ახლა სხვა სიმაღლეზე უნდა ავიდეს თეოლოგიური მეცნიერება. ველით, რომ ახალი პატრიარქი ამას წამოიწყებს - ამის ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ბევრი საქმეა ერთდროულად საკეთებელი, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ ეს მიმართულება იქნება.

გვახსოვს, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე როგორ საუბრობდა თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსებაზე, სემინარიის თბილისში გადმოტანაზე, როგორი რთული იყო მაშინ, იმ კომუნისტურ ეპოქაში, ყოველივე ის, რაც მან შეძლო.

ჩვენ აქ ვსხედვართ, ამ კედლებში აღზრდილნი და მაშინდელი და დღევანდელი საუკეთესო პროფესორები გვასწავლიდნენ. შესაბამისად, მეცნიერება ვითარდება და დღეს მეტად მნიშვნელოვანია წიგნიერება, რომელიც სჭირდება ქართველ ერს - ჩვენ ვგულისხმობთ მხოლოდ და მხოლოდ თეოლოგიურ ნაწილს.

მთარგმნელობითი მოღვაწეობა და ის, რასაც თანამედროვე თეოლოგიურმა მეცნიერებამ მიაღწია, ღვთივსათნოდ, არის ერთ-ერთი პირველი, რაც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მიზნად უნდა დაისახოს და ვფიქრობთ, რომ ეს ასეც იქნება. ღვთის მადლი თანაუძღვის მას ამ გზაზე - ჩვენ ამაში ღრმად ვართ დარწმუნებული," - განაცხადა ვლადიმერ ვახტანგაძემ.