თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, – ამის შესახებ  საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„2026 წლის 19 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების ფაქტი ჩვენში ღრმა მწუხარებას იწვევს.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებთ მათ.

ღრმა მწუხარებით, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. თავდაპირველად მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა. ექიმების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ერთ ადამიანს ეძებენ.