ინგოროყვას კლინიკის ექიმის ინფორმაციით, სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, დამაკმაყოფილებელია.
ექიმის ცნობით, ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით, სამი წლის გოგონას რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა.
ასევე, ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ინგოროყვას კლინიკაში შეყვანილია კიდევ ორი ადამიანი, დედა-შვილი, რომელთა მდგომარეობაც ასევე დამაკმაყოფილებელია.
„ინგოროყვას კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან შემოსული სამი პაციენტი. ამ ეტაპზე დედა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, რაც შეეხება 11 წლის ბიჭს, მიდი მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, თუმცა განაგრძობს მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში. ერთი საათის წინ შემოვიდა სამი წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა“, – განაცხადა ექიმმა.
აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. ამ დროის მონაცემებებით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, ორი გარდაცვლილი, ხოლო ოთხი პირის მიმართ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.










