„დღეს იმერეთის რეგიონში დავათვალიერეთ ჩუმათელეთი–ხარაგაული–ძირულას საავტომობილო გზა, რომელიც ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვან ახალ კავშირს წარმოადგენს. მისი ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, ერთი მეწყრული მონაკვეთის გამოკლებით. აღნიშნული გზა რიკოთის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ალტერნატივაა და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც რეგიონისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. ასევე გავეცანით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტებს თერჯოლასა და სამტრედიაში. მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებითაც, განსაკუთრებით სამტრედიაში, სადაც პროექტების დასრულების შემდეგ ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა სრულად მოგვარდება და თანამედროვე წყალარინების სისტემა მოეწყობა“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მინისტრი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად რეგიონში მიმდინარე საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებს გაეცნო. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რევაზ სოხაძე სამტრედიის მოსახლეობასაც შეხვდა და ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობით გამოწვეული პრობლემები განიხილა.
მინისტრი ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 50-კილომეტრიანი გზის პირველი, ძირულა–მოლითის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულებულია. მოლითი–ჩუმათელეთის 25-კილომეტრიან მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილია ასფალტის საფარის მოწყობა 700 მეტრზე, საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და მოსაცდელის მოწყობა. პროექტი 13 ახალი ხიდისა და 109 წყალგამტარი მილის მშენებლობასაც ითვალისწინებს. სამუშაოების ღირებულება 105,6 მილიონი ლარია. გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ–დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალთან აკავშირებს.
თერჯოლაში რევაზ სოხაძე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარეობასაც გაეცნო. 15,8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი დასკვნით ეტაპზეა. უკვე მოწყობილია წყლის გამწმენდი ნაგებობა, რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და წყალმომარაგების ქსელის ძირითადი ნაწილი. დაგეგმილი 44,5 კილომეტრი ქსელიდან მოწყობილია 43,6 კილომეტრი, ხოლო ფინანსური შესრულება 86%-ს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ თერჯოლის 5 330-მდე მცხოვრები 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მინისტრმა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად თერჯოლის №1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. 500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდება სასწავლო სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული სივრცეები და საინჟინრო სისტემები. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
სამტრედიაში მინისტრი მოსახლეობას შეხვდა. მოქალაქეებმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობით გამოწვეულ პრობლემებზე, მათ შორის, დაზიანებულ გზებსა და გადაადგილების შეფერხებებზე ისაუბრეს. რევაზ სოხაძემ მათ მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ყურადღება გაამახვილა დაზიანებული გზების ეტაპობრივ აღდგენაზე, სამუშაოების კოორდინაციასა და მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტის შემცირებაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტები დადგენილ ვადებში უნდა დასრულდეს და სამუშაოების პროცესში მოქალაქეების ყოველდღიური საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
სამტრედიაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ოთხ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის დასრულების შემდეგ 7 100-მდე ბენეფიციენტი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პარალელურად, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალარინების სისტემის ორი პროექტი, რომლებიც ჯამში დაახლოებით 216 კილომეტრი საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. წყალმომარაგების პროექტების დასრულება 2027 წლის თებერვალში, ხოლო წყალარინების — დეკემბერში იგეგმება.
სამტრედიაში რევაზ სოხაძე №4 საჯარო სკოლის მშენებლობასაც გაეცნო. 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და მისი დასრულება 2026 წლის ბოლოს იგეგმება. ახალი სკოლა თანამედროვე სასწავლო სივრცეებით აღიჭურვება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მინისტრი ზესტაფონშიც იმყოფებოდა, სადაც ტექნიკური საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები საგზაო კავშირების გაუმჯობესებას, მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფასა და თანამედროვე საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება.









