ხელოვნური ინტელექტი და სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები ჩვენს თვალწინ, ელვის სისწრაფით ცვლის სამყაროს... იცვლება ურთიერთობები, პროფესიული სფეროები, სამუშაოს შესრულების სტილი, გემოვნება, მოთხოვნები და ამ ყველაფერთან ერთად იცვლება ადამიანიც. არავინ იცის, ხვალ რეალურად როგორ სამყაროში გავიღვიძებთ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ყველაფერი ისე ვეღარ იქნება, როგორც აქამდე იყო.
ამ გარდამტეხი მოვლენების ფონზე ჩნდება კითხვები: როგორი იქნება ხვალ მსოფლიო და ქართული მედია? როგორ შეეხება მას ტექნოლოგიური ცვლილებები, რა გაქრება, რა დაინერგება და რა შეიცვლება?
აღნიშნულ თემაზე ინტერვიუ ჩავწერეთ მედიაჰოლდინგ „კვირას“ მთავარ რედაქტორ ქეთევან ხოსიტაშვილთან, რომელმაც თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა.
- ამ გადმოსახედიდან ძალიან რთულია მომავალზე საუბარი, მაგრამ მოდით, მაინც ვცადოთ. როგორ ფიქრობთ, უახლოეს ხუთ წელიწადში ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მედიას?
- ვფიქრობ, ეს დღეს ძალიან აქტუალური თემაა და აუცილებელია ასეთ საკითხებზე ღიად ვიმსჯელოთ.
თავის დროზე ინტერნეტმა შეცვალა ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე, სოციალურმა ქსელებმა — მისი მოხმარების ფორმა, ხელოვნური ინტელექტი კი თავად ინფორმაციის წარმოების, გადამოწმებისა და აღქმის წესებს ცვლის.
რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან მარტივი არ არის თუნდაც უახლოეს მომავალზე საუბარი, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ უკვე იმ ცვლილებების დასაწყისში ვდგავართ, რომელთა მასშტაბსაც ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ. თუმცა, სანამ ჩემს შეხედულებებს უფრო კონკრეტულად გაგიზიარებდეთ, თავიდანვე მინდა ჩემი პოზიცია გავაჟღერო: მჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტიკას მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ჟურნალისტიკის დღევანდელი სამუშაო პროცესების დიდ ნაწილს შეცვლის. ეს ორი სხვადასხვა რამაა. მოდი, ეტაპობრივად მივყვეთ — საკითხი ჯერ მსოფლიოს მასშტაბით განვიხილოთ და შემდეგ საქართველოზე გადმოვიდეთ.
გლობალურად თუ შევხედავთ, ჩემი პროგნოზით, ინფორმაციის წარმოება გაიაფდება, გაიზრდება მისი მომზადებისა და გავრცელების ტემპი. მაგალითად, დღეს ერთი საინფორმაციო მასალის მომზადებაში შეიძლება მონაწილეობდნენ ჟურნალისტი, რომელიც ინფორმაციას მოიპოვებს, რედაქტორი, რომელიც ტექსტს ამუშავებს, მთარგმნელი, ფოტოგრაფი ან ვიდეოოპერატორი, დიზაინერი, სოციალური მედიის მენეჯერი...
მომავალში ამ სამუშაოების დიდი ნაწილის შესრულებას, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი რამდენიმე AI ინსტრუმენტის დახმარებით შეძლებს. მაგალითად, ჟურნალისტი მოიპოვებს ინფორმაციას, გადაამოწმებს წყაროებს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოამზადებს ტექსტის პირველ ვერსიას რამდენიმე ენაზე, შექმნის ვიდეოს სუბტიტრებს, სათაურების ვარიანტებს და სოციალური ქსელებისთვის სხვადასხვა ფორმატის მასალას. ეს ნიშნავს, რომ ერთი ჟურნალისტის პროდუქტიულობა შეიძლება რამდენჯერმე გაიზარდოს.
მაგრამ აქ მეორე მხარეც არის: თუ ინფორმაციის წარმოება იაფი და მარტივი გახდება, ინტერნეტში კიდევ უფრო მეტი დაბალი ხარისხის, ერთმანეთის მსგავსი და ხელოვნურად შექმნილი მასალა გაჩნდება. შესაბამისად, ინფორმაციის სიმრავლე აღარ იქნება უპირატესობა. უპირატესობა იქნება ინფორმაციის სანდოობა.
ეს გამოწვევა მთლიანად მსოფლიო მედიას ეხება. მედია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არ გაქრება, მაგრამ მნიშვნელოვნად შეიცვლება ის, თუ ვინ ქმნის ინფორმაციას, ვინ ავრცელებს მას, ვინ ფლობს აუდიტორიას და, რაც მთავარია, ვის ენდობა მკითხველი თუ მაყურებელი.
- მაინც როგორ შეიცვლის ტრადიციული მედია სახეს?
- უახლოესი მომავლის პროგნოზს თუ გავაკეთებთ, ვფიქრობ, ტელევიზია არ მოკვდება, მაგრამ მნიშვნელოვნად შეიცვლება. მაგალითად, სატელევიზიო ეთერი და პირდაპირი მაუწყებლობა მნიშვნელობას შეინარჩუნებს პოლიტიკური კრიზისების, არჩევნების, ომების, საგანგებო მოვლენებისა და დიდი საზოგადოებრივი ამბების დროს.
ტელევიზიის ციფრული პროდუქტები — გადაცემები, ინტერვიუები და რეპორტაჟები — სულ უფრო მეტად გავრცელდება YouTube-ზე, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა აპლიკაციაში. გაიზრდება პერსონალიზებული ინფორმაციის მოხმარებაც. მაყურებელს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, თავად აირჩიოს, ვისგან, როდის, რა ფორმით და რა ხანგრძლივობით მიიღოს ინფორმაცია.
ტელეარხები, რომლებიც მხოლოდ ტრადიციულ საეთერო მაუწყებლობაზე იქნებიან დამოკიდებული, სავარაუდოდ, აუდიტორიის ნაწილს დაკარგავენ.
მაგრამ არის რაღაც, რასაც ტელევიზია ჯერ კიდევ ძალიან კარგად აკეთებს და ამ ნაწილში, ამ ეტაპზე, შეუცვლელია: პირდაპირი ეთერი ქმნის საერთო საინფორმაციო სივრცეს. როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ადამიანებს სურთ საკუთარი თვალით დაინახონ, რა ხდება იმ წუთში. მგონია, რომ ეს საჭიროება კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.
- რა ბედი ეწევათ ბეჭდურ გამოცემებს?
- ბეჭდური გამოცემები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება. თუმცა მჯერა, რომ გაზეთი და ჟურნალი მთლიანად არ გაქრება.
მაგალითად, ზოგიერთი გაზეთის არსებობა მომავალში შეიძლება არა იმდენად მოსახლეობის ყოველდღიური ინფორმირების საჭიროებას, რამდენადაც მის იმიჯურ, რეპუტაციულ ან ისტორიულ ღირებულებას დაეფუძნოს. შესაძლოა, გამოცემამ არსებობა გააგრძელოს იმიტომ, რომ მრავალწლიანი ისტორია აქვს და უკვე ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ღირებული ნაწილია.
ამასთან, ბეჭდური მედია შეიძლება უფრო სპეციალიზებულ პროდუქტად გადაიქცეს. ვგულისხმობ მაღალი ხარისხის ანალიტიკურ ჟურნალებს, კულტურულ, ლიტერატურულ და სხვა თემატურ გამოცემებს, რომლებსაც საკუთარი, ერთგული აუდიტორია ეყოლებათ.
- ონლაინ მედიაზე რას მეტყვი? თქვენ თავად ხართ ახალი ამბების სააგენტოს ხელმძღვანელი და დარწმუნებული ვარ, მის მომავალზეც გიფიქრიათ...
- ცხადია, მიფიქრია. ჩემი პროგნოზით, ტრადიციული ონლაინ სააგენტოს მოდელი, რომელიც ინფორმაციის სწრაფ მოძიებას, თარგმნას, სათაურის დაწერასა და ვებგვერდზე გამოქვეყნებას ეფუძნება, ყველაზე მეტად აღმოჩნდება ტექნოლოგიური ცვლილებების ზეწოლის ქვეშ.
მიზეზი უკვე თვალსაჩინოა: ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უცხოური მედიის მონიტორინგი, ინფორმაციის თარგმნა, რამდენიმე წყაროს მიხედვით მოკლე სიახლის მომზადება, ვიდეოდან ტექსტის ამოღება და გაშიფვრა, სხვადასხვა თემაზე ინფორმაციის შეჯამება, მასალის რამდენიმე ენაზე ადაპტირება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ, მედიამენეჯერებს, სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად გვიმარტივებს, თუმცა ამავდროულად ახალ გამოწვევებსაც გვიქმნის.
არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს ბევრ ადამიანს უკვე ჰყავს პერსონალური AI ასისტენტი, რომელსაც შეუძლია მარტივად ჰკითხოს, რა მოხდა დღეს, მაგალითად, საქართველოში, ევროპაში ან აზიის ქვეყნებში და მომენტალურად მიიღოს მოკლე, შეჯამებული პასუხები.
შესაბამისად, მკითხველს მალე, შესაძლოა, საერთოდ აღარ დასჭირდეს ათი საინფორმაციო საიტის გახსნა. ეს კი ონლაინ სააგენტოებისთვის ახალ პრობლემას წარმოშობს: თუ მკითხველი ინფორმაციას უკვე ხელოვნური ინტელექტისგან იღებს, რატომ უნდა შევიდეს კონკრეტული სააგენტოს ვებგვერდზე? ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა მომავალი მედიისთვის.
თუმცა აქ კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი ჩნდება: ვინ განსაზღვრავს, რომელი მედიასაშუალების ინფორმაცია მოხვდება AI ასისტენტის პასუხში და რომელი - არა? დღეს უკვე ვიცით, რომ ინფორმაციის შერჩევაზე გავლენას ახდენს ტექნოლოგიური სისტემების მოწყობა, მათთვის ხელმისაწვდომი წყაროები და კომპანიების მიერ დადგენილი წესები. მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება მომავალში ინფორმაციის გავრცელების სისტემა, რამდენად გამჭვირვალე გახდება მისი მუშაობა და რა გავლენას მოახდენენ მასზე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები.
ეს საკამათო და დასაფიქრებელი საკითხია, რომელიც მომავალში მედიის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება იქცეს.
ამ პროცესში კიდევ ერთ საინტერესო პარადოქსს ვხედავ: რაც უფრო მეტ ინფორმაციას შექმნის ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო ძვირფასი შეიძლება გახდეს ადამიანის მიერ მოპოვებული, გადამოწმებული და გააზრებული ინფორმაცია.
სწორედ ამიტომ მგონია, რომ ჟურნალისტიკის მომავალში მთავარი ბრძოლა იქნება არა ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის, არამედ სანდო ინფორმაციასა და საინფორმაციო ხმაურს შორის.
ჩემი მთავარი რჩევა ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის იქნებოდა: არ შევეჯიბროთ ხელოვნურ ინტელექტს სისწრაფეში. ჩვენი უპირატესობა უნდა იყოს სიღრმე, სანდოობა და პროფესიონალიზმი, ტექნოლოგიები კი მძიმე და რუტინული შრომის შესამსუბუქებლად გამოვიყენოთ.
ამიტომ ჩემი პროგნოზია, რომ ჟურნალისტის პროფესია მთლიანად არ გაქრება. პირიქით, შეიძლება შეიქმნას მედიის ახალი ბიზნესმოდელები, გაძლიერდეს სპეციალიზებული და საავტორო მედია, თუმცა ჟურნალისტიკის სფეროში არსებული სამუშაო ფუნქციების ნაწილი ადამიანის უშუალო მონაწილეობას სულ უფრო ნაკლებად მოითხოვს.
- და მაინც, სფეროს რომელი სამუშაოები აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ?
- ამ საკითხზე საუბრისას საინტერესოა Reuters Institute-ის 2026 წლის კვლევა, რომელშიც 51 ქვეყნის 280 მედიახელმძღვანელი მონაწილეობდა. კვლევის თანახმად, გამომცემლები Google-ის საძიებო სისტემიდან მომავალი ტრაფიკის მომდევნო სამი წლის განმავლობაში 43%-იან შემცირებას ელოდებიან. ეს უკვე პირდაპირი გამოწვევაა ონლაინ გამოცემების ბიზნესმოდელისთვის.
რაც შეეხება უშუალოდ დასაქმებას, ჩემი პირადი პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება მედიის სფეროში სამუშაო ადგილების შემცირებას გარდაუვალს გახდის. ცხადია, ამ შეფასებას ყველა შეიძლება არ იზიარებდეს, თუმცა, როგორც მედიამენეჯერი, უკვე ვხედავ, რამდენად ფართოვდება იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ტექნოლოგიების დახმარებით გაცილებით ნაკლები ადამიანური რესურსით არის შესაძლებელი.
მაღალი ჩანაცვლების რისკის ქვეშ, სავარაუდოდ, აღმოჩნდებიან ჟურნალისტები, რომელთა საქმიანობაც ძირითადად სხვა წყაროებიდან ახალი ამბების გადაწერით შემოიფარგლება. ავტომატიზდება რუტინული თარგმნისა და ტექნიკური კორექტირების დიდი ნაწილი, მნიშვნელოვნად გამარტივდება ვიდეომონტაჟის ტექნიკური სამუშაოები, შეიცვლება სოციალური მედიის კონტენტმენეჯერების ფუნქციები და სხვა.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტის პროფესიული ღირებულება შემცირდება. პირიქით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება ის უნარები, რომლებიც რეალურ ჟურნალისტურ საქმიანობას განსაზღვრავს.
ჟურნალისტიკა მხოლოდ ტექსტის წერა არ არის. კარგ ჟურნალისტს შეუძლია მოიპოვოს წყარო, რომელსაც სხვასთან საუბარი არ სურს; დაინახოს წინააღმდეგობა ოფიციალურ განცხადებაში; შეამჩნიოს, რომ რესპონდენტი რაღაცას მალავს; მოიპოვოს ადამიანის ნდობა და დაამყაროს პირადი კონტაქტი; ადგილზე მივიდეს და საკუთარი თვალით ნახოს რეალობა; დასვას ისეთი კითხვა, რომელიც სხვას არ გასჩენია და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობა აიღოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია საგამოძიებო ჟურნალისტის დახმარებაც — მაგალითად, უამრავი დოკუმენტის დამუშავება, მონაცემებს შორის კავშირების აღმოჩენა და მნიშვნელოვანი დეტალების გამოკვეთა. მაგრამ მას არ აქვს ჟურნალისტის პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად ვერ ანაცვლებს იმ ადამიანურ ურთიერთობებსა და რეალურ სამყაროში მოქმედებებს, რომლებზეც ჟურნალისტური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია დაფუძნებული.
ამიტომ მიმაჩნია, რომ განსაკუთრებულ ღირებულებას შეინარჩუნებენ საგამოძიებო ჟურნალისტები, ძლიერი ანალიტიკოსები, რეპორტიორები, ინტერვიუერები და ის პროფესიონალები, რომლებსაც საკუთარი წყაროები და დამოუკიდებელი ინფორმაციის მოპოვების უნარი აქვთ.
აქვე მინდა მედიამენეჯერების მომავალ როლსაც შევეხო. ჩემი აზრით, უპირატესობა ექნებათ იმ მედიამენეჯერებს, რომლებიც ფეხს აუწყობენ ტექნოლოგიურ განვითარებას, მუდმივად ეცოდინებათ, რა სიახლეები ჩნდება ამ სფეროში და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს სწორად გამოიყენებენ, როგორც დამხმარე ინსტრუმენტებს.
მაგრამ მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საკმარისი არ იქნება. უმთავრესი ამოცანა გახდება ისეთი ჟურნალისტების მომზადება და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, რომლებსაც ნამდვილი ჟურნალისტური უნარები ექნებათ: შეძლებენ საკუთარი წყაროებიდან ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, ხარისხიანი ანალიტიკური და საგამოძიებო მასალების შექმნას, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას და ამავდროულად იქნებიან მრავალმხრივი პროფესიონალები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებსაც თავისუფლად გამოიყენებენ.
ვფიქრობ, მომავალი სწორედ ასეთი უნივერსალური ჟურნალისტებისაა. მედიამენეჯერების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კი ამ კადრების აღმოჩენა, მომზადება და განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იქნება.
ამიტომ, ჩემი აზრით, მომავალში წარმატებული რედაქცია მხოლოდ ის არ იქნება, რომელიც ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება. წარმატებული იქნება ის, ვინც ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ძლიერი ჟურნალისტური გუნდის პროფესიონალიზმთან სწორად გააერთიანებს.
რაც შეეხება საქართველოს, აქ ცვლილებები შეიძლება უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, რაც რამდენიმე განსაკუთრებული გარემოებით არის განპირობებული.
პირველი - ქართული მედია შედარებით პატარა ბაზარია. მეორე - სარეკლამო შემოსავლები შეზღუდულია. მესამე - ბევრი მედიასაშუალება ფინანსურად და პოლიტიკურად მოწყვლადია. მეოთხე - პროფესიული ჟურნალისტური რესურსი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები ყველა რედაქციაში თანაბარი არ არის.
ამიტომ საქართველოში AI-ის გავლენა, სავარაუდოდ, ერთდროულად ორი მიმართულებით გამოჩნდება: ერთი მხრივ, მცირე მედიასაშუალებებს მუშაობას გაუმარტივებს, მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო გაამწვავებს კონკურენციას და დასაქმების პრობლემას.
ჩვენთან კიდევ ერთი თავისებურებაა - საქართველოში ონლაინ სააგენტოს არსებობა და მისი რეალური გავლენა აუდიტორიაზე ერთი და იგივე არ არის. მედიასაშუალებას შეიძლება ჰქონდეს ვებგვერდი, ყოველდღიურად ათობით სიახლეს აქვეყნებდეს, მაგრამ მკითხველამდე ინფორმაცია ძირითადად Facebook-ის საშუალებით მიჰქონდეს. ეს დამოკიდებულება მომავალში სერიოზულ რისკად შეიძლება იქცეს.
- უფრო კონკრეტულად რა რისკებზეა საუბარი?
- მაგალითად, თუ Facebook-ის ან სხვა პლატფორმის ალგორითმი შეიცვლება, ან მომხმარებელი ინფორმაციის მიღებას სულ უფრო მეტად AI ასისტენტების საშუალებით დაიწყებს, სააგენტომ შეიძლება ვებგვერდზე ვიზიტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგოს. ამას კი შესაძლოა მოჰყვეს სარეკლამო შემოსავლების შემცირება და აუდიტორიასთან პირდაპირი კავშირის შესუსტება.
ეს ჩვენთვის, ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის, სერიოზული გამოწვევაა.
ამ ფონზე, ჩემი პროგნოზით, კონკურენტულ უპირატესობას შეინარჩუნებენ ის მედიასაშუალებები, რომელთა მთავარი კაპიტალი იქნება ექსკლუზიური ინფორმაცია, საკუთარი წყაროები, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ძლიერი ჟურნალისტების პირადი ავტორიტეტი, ანალიტიკური მასალები, სანდოობა და კონკრეტულ თემებზე სპეციალიზაცია.
არ მგონია, მომავალში ყველაზე ძლიერი მედია აუცილებლად ყველაზე დიდი იყოს. შესაძლოა, ყველაზე გავლენიანი გახდეს შედარებით პატარა გამოცემა, რომელსაც რამდენიმე გამორჩეული ჟურნალისტი, საკუთარი წყაროები და მკითხველის მაღალი ნდობა ექნება.
ეს ქართული მედიისთვისაც რეალური შესაძლებლობაა.
რაც შეეხება ქართულ ტელევიზიებს, ვფიქრობ, ისინი კიდევ დიდხანს შეინარჩუნებენ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გავლენას. თუმცა ტრადიციული სატელევიზიო აუდიტორია თანდათან დაბერდება, რადგან ახალგაზრდა თაობის ყურადღება უკვე ციფრული სივრცისკენ არის მიმართული. ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო დღეს YouTube, TikTok და სხვა ციფრული პლატფორმებია.
ამიტომ ქართულ ტელევიზიებსაც მოუწევთ არა მხოლოდ მაუწყებლობის ფორმების, არამედ აუდიტორიასთან ურთიერთობის მოდელის შეცვლა.
- კიდევ ერთ სერიოზულ საფრთხეზეც ვისაუბროთ - დეზინფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მასალებზე. რამდენად დიდი გამოწვევაა ეს საქართველოსთვის?
- რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა როგორც მსოფლიო მედიისთვის, ისე საქართველოსთვისაც.
ჩვენ უკვე დიდი ხანია, ნაბიჯ-ნაბიჯ შევაბიჯეთ ე.წ. ფეიკების სამყაროში, იმ დიდ ციფრულ ოკეანეში, სადაც სულ უფრო რთულია სიმართლის ტყუილისგან გარჩევა. ყველაფერი იმდენად ქაოსურია, ყალბი ფოტოები, ვიდეოები და ინფორმაცია კი იმდენად ჰგავს რეალურს, რომ ზოგჯერ პროფესიონალებსაც უჭირთ მათი ამოცნობა.
ძალიან მაშფოთებს ეს საკითხი, ისევე როგორც უამრავ ჩემს კოლეგას.
დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალების სიზუსტის, ხარისხისა და ეთიკური შესაბამისობის კონტროლი კიდევ უფრო გართულდება. ვფიქრობ, ეს ვითარება როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ახალი სპეციალობების გაჩენას შეუწყობს ხელს.
გაიზრდება მოთხოვნა პროფესიონალებზე, რომლებიც შეძლებენ ყალბი ფოტოების, ვიდეოების, ე.წ. დიპფეიკებისა და მანიპულაციური ინფორმაციის ამოცნობას, გადამოწმებასა და შეფასებას.
არ გამოვრიცხავ, რომ რედაქციებში უფრო ფართოდ დამკვიდრდეს AI კონტენტის რედაქტორის ფუნქციაც — სპეციალისტების, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომზადებული მასალების სიზუსტეს, ხარისხსა და ეთიკურ შესაბამისობას გააკონტროლებენ. მსგავსი ფუნქციები მსოფლიო მედიაში უკვე ვითარდება და, სავარაუდოდ, მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.
თუმცა აქ მხოლოდ ახალი სპეციალობების შექმნაზე არ არის საუბარი. ვფიქრობ, მომავალში თითოეულ ჟურნალისტს დასჭირდება გაცილებით ძლიერი კრიტიკული აზროვნება, ინფორმაციის გადამოწმების უნარი და იმის გაცნობიერება, რომ ტექნოლოგიის მიერ მომზადებული მასალა ავტომატურად სანდო არ არის.
საბოლოოდ, რაც უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები, მედიის მთავარი ღირებულება მაინც საზოგადოების ნდობა იქნება. ამ ნდობას კი მხოლოდ სისწრაფით, თანამედროვე პროგრამებითა და ინფორმაციის სიმრავლით ვერ მოიპოვებ.
ამიტომ, თუ მკითხავთ, რა იქნება ჟურნალისტიკის მთავარი ამოცანა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ჩემი პასუხი ასეთია: შევინარჩუნოთ ის პროფესიული პრინციპები, რომელთა გამოც საზოგადოებას ჟურნალისტიკა სჭირდება — სიმართლის ძიება, დამოუკიდებლობა, კრიტიკული აზროვნება და პასუხისმგებლობა.
ტექნოლოგიები შეიცვლება, ინფორმაციის გავრცელების ფორმებიც შეიცვლება, მაგრამ სწორედ ამ ღირებულებებზე იქნება დამოკიდებული, როგორი მედია გვექნება მომავალში.




