საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისა და მისი აღსრულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლაშა მაღრაძე, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს საქართველოს პროკურატურის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების პოლიტიკა გააცნო. ასევე ისაუბრა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესში არასაპატიმრო სასჯელთა გამოყენების პოზიტიურ გავლენაზე, იმ საზოგადოებრივ სარგებელზე, რაც ამ სასჯელის გამოყენებას ახლავს და წარადგინა უწყების ხედვა არასაპატიმრო სასჯელთა გამოყენების გაფართოების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული სასჯელის გამოყენების პრაქტიკაზე, ისაუბრეს სასჯელის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სასჯელის ეფექტიანი აღსრულების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
უწყებების წარმომადგენლებმა გამოხატეს სამომავლო თანამშრომლობის მზაობა და დაგეგმეს შემდგომი ნაბიჯები.









