შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს, - განაცხადეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

„ექიმების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პატიმრის მე-18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან მე-8 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“, - აღნიშნეს პენიტენციურ სამსახურში.

ცნობისათვის, მოკლული გიორგი ღუნაშვილის დედის განცხადებით, მან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წერილით მიმართა; თათია ჩირგაძემ მოითხოვა განმარტება, თუ რატომ იმყოფება მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოში.

24 ივლისს პროკურატურამ საქმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან.

„შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“.