თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე ბელა მეი კალი პროკურატურის შუამდგომლობით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. ასევე, 500 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
7 თვის წინ შსს-ს მიერ დაკავებული ბელა მეი კალი ბრალს აღიარებს.
2025 წლის 13 მაისს, შსს-მ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს.
"2006 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და 2.068 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს."
            
            







