დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში, მჯერა, იქნება მრავალპარტიული მთავრობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფოკუსირებულია საერთო ეროვნულ გამარჯვებაზე.
„იცით, რომ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ხელმომწერია ქართული ქარტიის, რომელიც არის საქარყველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი გზამკვლევი. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგულია ევროინტეგრაციის პროცესის, შესაბამისად, ქართული ქარტიის და ყველა იქ გაწერილი რეფორმის, რომელიც შემდგომ კოალიციურმა ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში აუცილებლად უნდა გაატაროს.
მიგვაჩნია, რომ არჩევნებამდე როდესაც სულ რამედენიმე დღე არის დარჩენილი, მთავარი ამოცანა, რომელზეც ფოკუსირებული ვართ, არის საერთო ეროვნული გამარჯვების მოტანა ერთიანობით, იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს თოთოეული მოქალაქე მივიდეს საარჩევნო უბანზე და გააკეთოს არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის. მჯერა, გენერალური ეროვნული ამოცანა არის ერთიანობით საარჩევნო გამარჯვების მოტანა.
დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის მონაწილეობით, რომელმაც აქამდეც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მათ შორის ქართული ქარტიის შედგენაში და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც კონსტიტუციის, მათ შორის თავისუფალ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევნების შედეგების გარანტი, ასევე კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში. მჯერა, იქნება მრავალპარტიული მთავრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.