„ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
მეგრელიშვილი გამოეხმაურა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო, რომელმაც 4 წლის წინ არჩევნებზე უამრავი ხარვეზი გამოავლინა და ბევრ მათგანზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო, საქართველოს ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, ეს არის კონკრეტული კონგრესმენის მიერ დაანონსებული მეგობარი აქტი, რომელიც წინაპირობებს ითვალისწინებს: შევამციროთ ანტიდასავლური რიტორიკა, გავიწვიოთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი,“ არ მივიღოთ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი და ასევე, მნიშვნელოვანი საკითხი - არჩევნები უხარვეზოდ ჩავატაროთ. არჩევნები საქართველოში, რა თქმა უნდა, ძალიან გამართულად ტარდება, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ შევთანხმდეთ იმაზე, რომ არც ერთ შემდგარ სახელმწიფოში არჩევნები უხარვეზოდ არ ტარდება.
ავიღო ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ხარვეზის სახით, 2020 წელს არჩევნების ჩატარებისას, დაახლოებით 1499 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან, 1275-ზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა. გავიხსენოთ ისიც, რომ აშშ-ს ერთ-ერთ შტატში არჩეულ იქნა ე.წ. მკვდარი სული, როდესაც დემოკრატი კანდიდატი აირჩიეს ხმათა 85%-ით.
ამ გამოცდილების მქონე სახელმწიფოს წარმომადგენელი, კონგრესმენი არ შეიძლება ქართულ სახელმწიფოს ასეთი ულტიმატუმით ესაუბრებოდეს - ყველა უნდა შევაჩვიოთ იმ აზრს, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან დიდი ღირსების, ისტორიული გამოცდილების მატარებელი სახელმწიფო, რომელთანაც ულტიმატუმის ენით საუბარი გამორიცხულია“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.