ახალგაზრდებო, ნუ გახდებით ანტისახელმწიფოებრივი ქმედების ჩამდენნი, თორემ ის ვინც ამას გავალებთ და ამისთვის საგანგებოდ გატრენინგებთ, საბოლოოდ ბუჩქებში იმალება და კანონის დარღვევისთვის კანონის წინაშე პასუხისმგებელნი თავად თქვენ ხდებით, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვით ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
„2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი გამოცხადდა, გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. გარდა ამისა, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გრიგორიადისმა 9 მარტს ჭანტურიას ქუჩაზე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.
ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ამ საქმის გამოძიებით ის დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით); და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) და მას დღეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მინაწერი: ახალგაზრდებო, ნუ გახდებით ანტისახელმწიფოებრივი ქმედების ჩამდენნი, თორემ ის ვინც ამას გავალებთ და ამისთვის საგანგებოდ გატრენინგებთ, საბოლოოდ ბუჩქებში იმალება და კანონის დარღვევისთვის კანონის წინაშე პასუხისმგებელნი თავად თქვენ ხდებით.
ამის კარგი მაგალითია ლაზარე, რომელიც კანონსა და სახელმწიფოს დაუპირისპირეს და სახელმწიფოს კანონთან პირისპირ მარტო დატოვეს. ასე მოგექცევიან თქვენც, ამიტომ გაიაზრეთ გიღირთ კი ფსევდო გმირობის სახელით ასეთ დანაშაულებზე წახვიდეთ?! თავადაც კარგად იცით და ხვდებით, რომ თქვენი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების არც მიზანია საკუთარ შინაარსში სწორი და არც თქვენი საქციელია კანონიერი და საკუთარი თავისუფლების ნაცვლად უბრალოდ საშიშ დავალებებს იღებთ და ასრულებთ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და 2023 წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.
2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.