მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები  - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

"ამასთანავე, რა თქმა უნდა ჩვენ ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60 000 ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით" - განაცხადა მინისტრმა. 

გივი  მიქანაძის თქმით, მომავალი წლიდან საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი.

„ამიტომ, იმ კომპონენტიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.