ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა.
რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.
დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიციირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქი პირების უფლებებს ზღუდავს.
დღევანდელი კენჭისყრის დროს გუშინ გავრცელებულ რეზოლუციის პროექტს რამდენიმე შესწორება დაემატა, რომელიც ინიციირებული იყო ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგასა და ურმას პაეტის მიერ:
ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ და რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
ევროპარლამენტი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.
გუშინ გავრცელებული რეზოლუციის ძირითადი ტექსტი კი ასეთია:
ევროპარლამენტი ძლიერად გმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას;
ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
სანამ ასეთი კანონი ძალაში იქნება, არ უნდა გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები;
მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", ისევ გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ წარადგინოს არც ის და არც რაიმე სხვა ცვლილება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება;
ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს;
ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და შეშფოთებას გამოხატავს საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების დაშლისას;
მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ასეთი საქმე და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ;
გმობს "ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი, ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით";
აღნიშნავს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირებისათვის და ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად;
ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს საქართველოს პროგრესი ცხრა რეკომენდაციის შესრულების გზაზე - მოამზადოს შუალედური შეფასება;
ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეაფასონ, რა გავლენა ექნება მათ, როგორც დონორის, როლზე კანონის მიღებას და ცხადად აუხსნან შედეგები საქართველოს ხელისუფლებას;
მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას;
კვლავ უცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქართველ ხალხს "ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მისაღწევად".
OSCE/ODIHR-ს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში გაგზავნოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.