საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არ მოუტანია, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, გრძელვადიანი პაუზის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაჩნდა პოზიტიური ინტერესი, რაც ცალსახად დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის ნაწილი ამერიკის საელჩოს განცხადებას და სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტის შემაჯამებელ დოკუმენტს საკუთარი პოზიციის გამართლებისთვის იყენებს.

„უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაზე დაფიქსირებული შეფასებების დროს. ძალიან ღიად ვიტყვი უვიცი და ძალიან არაპროფესიონალური შეფასებები იყო, როდესაც ადამიანები ცდილობენ, საკუთარი აზრები გაასაღონ ამერიკული მხარის პოზიციად. მე პირდაპირ მინდა, გითხრათ, რომ ქართველი ხალხი ვინმეს სულელად თუ მიაჩნია, მე არ მიმაჩნია. გულწრფელობის გარდა ოპოზიციას სხვა არაფერი აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ესაუბროს. ჩანაწერი რაც გაკეთდა ბოიკოტთან დაკავშირებით არის საჯაროდ, ვისაც წერა-კითხვა იცის შეუძლია, წაიკითხოს. იქ წერია შავით თეთრზე, რომ ამერიკულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია, როცა შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ქართველი ხალხის, ამომრჩევლების ინტერესი მათ უნდა დაიცვან, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით. ეს არის ჩანაწერი, რომელიც გასაგებად არის დაფიქსირებული ბოიკოტთან დაკავშირებით. საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა, არ მოუტანია. ჩვენ დასავლელი პარტნიორები ჩვენი არაკეთილმოსურნეები არ არიან, რომ მხარი დაუჭირონ საარჩევნო ბოიკოტს, რომელიც დამაზიანებელია ხალხისთვის და ნულოვანი შედეგის მომტანი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა, რომლის განცხადებასაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი: „დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს“.