"ამერიკას გაუორდა ფრონტი, უკრაინა იყო და ახლა დაემატა ისრაელი. წესით, ამერიკას იმის თავი აღარ უნდა ჰქონდეს, რომ გადატრიალებაზე იფიქროს, თორემ ჩინეთთან კონკურენციის გამო ამერიკას აწყობდა აქ სატრანზიტო გზის გაფუჭება. ბაზარია ევროპა და ჩინეთი აპირებს, ევროპისკენ საქონელი კავკასიის გავლით წამოიღოს. აქ თუ ვინმე გზას გააფუჭებს, ჩინეთი გაიჭედება; ჩინეთიც წაგებაში იქნება და ევროპაც, ორივეს წაგება კი ამერიკას აწყობს." - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
"აი, ეს მოტივი უკვე ამერიკის პოლიტიკაში შეიძლება, აღარ იყოს წამყვანი, როცა ის ჩაბმულია ორი კონფლიქტის ხაფანგში. ეს სერიოზული საფრთხე იყო. შემთხვევითი არ არის სუს-ის ის ანგარიში და შემთხვევითი არც ისაა, რომ სერბეთიდან მოიყვანეს სპეციალისტები. სერბეთი რუსული ორიენტაციის ქვეყანა არ არის?
ერთ-ერთი პირველი სიმპტომი ამ ბზარისა მართლაც იყო ტრამპის გამოჩენა, მაგრამ არის ანალოგიური სიმპტომები. ახლა, ემატება ჩინეთი, რომელიც ულტრალიბერალური ნამდვილად არ არის და ჩინეთის გაძლიერება ძალაუნებურად, მენტალიტეტში შემოიტანს თავის ელემენტს, რომელიც უკვე ულტრალიბერალიზმს გამორიცხავს. თუ მაინცდამაინც დაბალანსებული ვარიანტისკენ წავიდნენ, ეს უფრო კონსერვატიზმის გამარჯვებას შეუწყობს ხელს იმავე დასავლეთში, თუ არადა, რაც უფრო ბალანსისგან აცდენილი იქნება კულტურა, ალბათ, უფრო ძნელი იქნება ბევრი რამის შენარჩუნება. მით უფრო, დღეს, ასეთი ლიბერალური სიმბოლო არის ბაიდენი, რომლის გვარის პირველი ასოთი ქართველებს ბრეჟნევი ახსენდებათ, ბაიდენთან ერთად. ჰგავს ეს ორი ფიგურა ერთმანეთს. აი, ასეთ კომიკურ რეჟიმში გადავიდა დღეს ლიბერალური დემოკრატია, როდესაც ადამიანს სერიოზულად ვეღარ აღიქვამ. როცა ამერიკის პოლიტიკური ფიგურაა არასერიოზული, იქ უკვე ერღვევა საყრდენი მთელ მსოფლიოს. ასე რომ, მე მგონი, ვართ პოლიტიკური მენტალიტეტის ცვლილების ეტაპზე. თუ მოხდება კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის სინერგია, ალბათ, ეს იქნება იმის საფუძველი, რომ დამყარდეს მეტ-ნაკლებად სტაბილური ბალანსი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.