ძალიან ბევრი ლაქა აქვს და ძნელია ზელენსკის მოტივაციის გარკვევა. ზელენსკის მდგომარეობაში პარტნიორებს ეძებენ და არა მეტოქეებს, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას ურჩევს.

როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, საქართველოსა და უკრაინას შორის შეცვლილი დამოკიდებულება არ იწყება ვოლოდიმირ ზელენსკიდან.

„პირველი დღიდან საქართველოზე დასმული იყო ჯვარი, რომ საქართველოზე ყოფილიყო უკმაყოფილების ტალღები, ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე მიზეზით. თუ რამე შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, ომი ჯერჯერობით არ გამოუცხადებია, მაგრამ თუ შეძლებს, შეიძლება ესეც გააკეთოს.

უკრაინამ პოროშენკოს დროს იმ პოლიტიკოსების ბრიგადა მიიღო, რომლებიც საქართველოში იდევნებოდნენ, სააკაშვილის ხელმძღვანელობით. მიიღო, დაასახლა, მოუარა და მოთხოვნაზე უკრაინის მხრიდან რეაქცია არ ყოფილა. ასე რომ, საქართველოს მიმართ ეს დამოკიდებულება არ იწყება ზელენსკიდან. მემკვიდრეობით გადავიდა ზელენსკისთან პუტინის ხელშეწყობით.

მიხეილ სააკაშვილს კიდევ უფრო მძიმე ვიზუალი ჰქონდა ადრე. ერთ-ერთი არგუმენტი აქვთ, რომ უკრაინის მოქალაქეა. სააკაშვილს კი ითხოვენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ სააკაშვილი უნდათ, უფრო დასაყვედრებელი თემა სჭირდებათ. სააკაშვილი დასაყვედრებელ თემად ძალიან მომგებიანია - „აი, ხელისუფლება სააკაშვილს აწამებს“,- განაცხადა საყვარელიძემ.

მას, ასევე, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ხელისუფლებას დებატებს სთავაზობს. საყვარელიძის თქმით, არ არის ეს პრაქტიკა მიღებული, რომ ჩვეულებრივი ადამიანების სურვილი დებატებზე დაკმაყოფილებული იყოს.

„მოქალაქე სააკაშვილმა მოისურვა დებატები. წარმოიდგინეთ, საქართველოში რამდენი ადამიანი მოისურვებს ხელისუფლებასთან დებატებს. წარმოიდგინეთ, რა რიგი დადგება დებატებზე. არ არის ეს პრაქტიკა მიღებული, რომ ჩვეულებრივი ადამიანების სურვილი დებატებზე დაკმაყოფილებული იყოს. ამისთვის არიან პარტიები, პარტიების ერთმანეთთან კამათი და ა.შ.“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.