განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს.
ცვლილების თანახმად, შეიქმნება „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემია“, რომელიც მომავალ დიპლომატებს მოამზადებს და საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს განახორციელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის განცხადებით, დიპლომატიის აკადემიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით დაარსება დიპლომატიური სამსახურის სპეციფიკით, მისი ამოცანების კომპლექსურობით და სახელმწიფო ინტერესების დაცვის მაღალი პასუხისმგებლობით არის განპირობებული.
„აკადემიის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირება შექმნის შესაძლებლობას, რომ სასწავლო პროგრამები დაკავშირებული იყოს საგარეო პოლიტიკურ პროცესებთან, საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და დიპლომატიური საქმიანობის ყოველდღიურ პრაქტიკასთან. აკადემია უზრუნველყოფს, რომ სასწავლო და კვლევითი საქმიანობა სრულ თანხვედრაში იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ეროვნულ ინტერესებთან“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
მისივე თქმით, სამინისტრო, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით, კავშირებს დაამყარებს საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ აკადემიებთან.
ხათუნა თოთლაძის განცხადებით, ცვლილებით ასევე განისაზღვრება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა იქნება.
სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ასევე განიხილა და მხარი დაუჭირა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს.




