საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC HARDtalk-ში
რუსეთის მეზობელი საქართველო, სადაც რუსეთი 2008 წელს შეიჭრა და რომელთანაც ის 900 კილომეტრიან საზღვარს იზიარებს, ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. რუსი ჯარისკაცები ქვეყნის ორ სეპარატისტულ რეგიონში დღესაც არიან განლაგებულნი. საქართველოს ახლახან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და ნატოში გაწევრიანებაზე საუბრობს, თუმცა მისი მთავრობა რუსეთის მიმართ სიმპათიებშია შემჩნეული, ეს ვიწრო, დიპლომატიური ხიდია, რომელიც ჩემმა სტუმარმა უნდა გაიაროს. სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტია. სად არის საქართველოს მომავალი, რუსეთთან თუ დასავლეთთან?
სალომე ზურაბიშვილი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება HARDtalk-ში.
მადლობა ჩემი მესამედ მოწვევისთვის.
ფიქრობთ, რომ რუსეთს საქართველოზე კონტროლის დამყარება უნდა?
რუსეთს არა მარტო საქართველოს კონტროლი, არამედ ალბათ ევროპის ნაწილების კონტროლიც უნდა. მას ძველი ამბიციები და იდეაფიქსი აქვს დარჩეს იმპერიალისტურ სახელმწიფოდ. მაგრამ რაზე უნდა ვფიქრობდეთ რა უნდა რუსეთს, თუ რა გვინდა ჩვენ?
ბოლოს, როცა HARDtalk-ში იყავით, 2022 წლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში არახელსაყრელ მდგომარეობაში იყო, თქვენ არ ფიქრობდით, რომ რუსეთი საქართველოშიც შემოიჭრებოდა. სიტუაცია უკრაინაში ახლა ძალიან სხვაგვარად გამოიყურება. მაინტერესებს, შიშობთ თუ არა საქართველოზე, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში წარმატებული იქნება?
ისევ და ისევ ვფიქრობ ყველას უნდა გვეშინოდეს [იმ სცენარის] თუ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში წარმატებული იქნება. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ის უკრაინაში წარმატებულია. ის უკრაინაში თავის სტრატეგიულ ამბიციებს კარგავს: კიევის აღება, მთავრობისა და საზოგადოების დაყოფა, ევროპისგან უკრაინის გამოყოფა, ევროპელების ერთმანეთისგან და თავისი საზოგადოებებისგან დაყოფა. ეს ყველა დიდი ამბიცია ვერ განხორციელდა, ამიტომ ის ჯერ სტრატეგიულად, სამხედრო თვალსაზრისით, არ დამარცხებულა, მაგრამ ის გამარჯვებული არ არის.
მაგრამ ის ამ მომენტში ეუფლება [უკრაინის] მიწებს. მაინტერესებს თუ იარსებებს ისეთი სიტუაცია, (და საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის, რადგან რუსული ჯარები საქართველოში 2008 წელს შემოიჭრნენ), და ის უკრაინის ნაწილზე კონტროლს დაამყარებს - ღელავთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ექნება ამას საქართველოსთვის?
ჩვენ ყველა უნდა ვღელავდეთ, თუ რუსეთი დაიკავებს ტერიტორიებს და არ მოუწევს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დაბრუნება. საქართველო არაერთხელ, სულ მცირე, სამჯერ (და უფრო მეტის დათვლაც შეგვიძლია) იყო დაპყრობილი, ამიტომ, რუსეთს მეტის გაკეთება აღარ შეუძლია - მას ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
ეს სეპარატიზმის საკითხი კი არა, პირდაპირი ოკუპაციაა. რუსეთს ჩვენს ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული. ამიტომ, რასაც რუსეთი ახლა ცდილობს ევროპისა და არამხოლოდ ევროპის ქვეყნებში ჰიბრიდული ომი გააგრძელოს, რომელიც უკვე დაწყებულია. რუსეთი ცდილობს პროპაგანდის მეშვეობით მოიგოს, ის დესტაბილიზაციას ცდილობს. დღეს კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამ არარსებულ საზღვარზე [საოკუპაციო ხაზზე] ადამიანების გატაცება სისტემატიურად ხდება, ამიტომ [რუსეთის მხრიდან] საქართველოს დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობები არის ის, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.
გასაგებია.
ერთი, რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ ჩვენ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენივე გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ, ოდნავ უფრო მდგრადები ვიქნებით, რადგან ქართველმა ხალხმა ყველაფერი კარგად იცის.
მინდა რამდენიმე წუთში დე ფაქტო რეგიონებზე საუბარს დავუბრუნდეთ, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის თვალსაზრისით - რუსეთი აფხაზეთში ღრმაწყლოვან პორტს აშენებს...
დიახ
პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა: რუსეთმა ახალი ბაზის შესახებ განაცხადა, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით. ამ პორტმა შეიძლება საქართველოს ამ ომში ჩართვა გამოიწვიოს?
შესაძლებელია, პორტის პროექტი არსებობს, მაგრამ ეს დღეს მხოლოდ რუსეთის პროპაგანდის ნაწილია. ბატონი პუტინი, KGB-ს ძველი აგენტია, ფსიქოლოგიურ ომს უფრო ეწევა ვიდრე სამხედრო ომს. ეს ასეა უკრაინასა და დასავლეთთან მიმართებაში.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ პორტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და ვფიქრობ, ეს ევროპელებმა უნდა გაიაზრონ, რადგან შავი ზღვა რისკის ქვეშაა. არავის აქვს ფუფუნება უყუროს, როგორ ამყარებს რუსეთი შავი ზღვის (ჩვენ) სანაპიროზე კონტროლს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყველა შემდეგი პროექტი, რომელიც ევროკავშირს შავი ზღვის კავშირებადობის, სტრატეგიული ტრანსპორტირების მიმართულებით აქვს და კავკასიისა და ცენტრალ აზიასთან კავშირებს ეხება, საშიშროების წინაშე იდგება. ეს ის პროექტებია, რაც ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდება და რისკის ქვეშაა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება...
თქვენ ფსიქოლოგიურ თამაშზე საუბრობთ. [ოჩამჩირეში] ზღვის ფსკერზე უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. არ ფიქრობთ, რომ ეს საზღვაო პორტი აშენდება?
არ ვიცი, ის ამ მომენტისათვის არ შენდება. მას [პორტის მშენებლობას] პროექტის სახე აქვს, რომლის შესახებაც ხმამაღლა საუბრობენ, მაგრამ ამის მიუხედავად, უკვე უნდა მოვახდინოთ რეაგირება, არ უნდა დაველოდოთ როდის დაიწყებს პორტი ფუნქციონირებას, თუ ისინი პროექტის განხორციელებას დაიწყებენ, (ამას ალბათ, რამდენიმე წელი დასჭირდება), ახლა საჭიროა, ევროპელებმა გაიაზრონ, რომ არ შეიძლება ისინი რუსეთმა შავი ზღვიდან ‘გაასახლოს’. მათ უნდა...
რისი გაკეთება შეუძლიათ მათ [ევროპელებს]? რას მოუწოდებთ ევროკავშირს, რა უნდა მოიმოქმედოს ამ მშენებლობასთან დაკავშირებით?
მათ ხელახლა უნდა დაიწყონ აქამდე არსებული [პროექტების] განხორციელება - შავი ზღვის ნავსადგურებში (port of call), განსაკუთრებით, ბათუმისა და ფოთის პორტებში. მათ მხარი უნდა დაუჭირონ ანაკლიის პორტის შექმნას, სადაც ჩვენ ევროკავშირისა და ამერიკის აქტიური ინვესტიციები უნდა ვიხილოთ. ეს მხოლოდ სიტყვები არ უნდა იყოს...
თუმცა, ეს რუსების მიერ იმ [ოჩამჩირის] პორტის მშენებლობას ვერ შეაჩერებს...
არა, მაგრამ ჩვენ წინ უნდა ვიყოთ.
მაგრამ რა გამოდის, რომ ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან?
გარკვეულწილად, ისინი უკვე ერთმანეთის პირისპირ დგანან. მაგრამ ვფიქრობ, აღქმული უნდა იყოს, რომ ევროკავშირი შავ ზღვას განიხილავს, როგორც დე ფაქტო ევროპულ ზღვას, სადაც ევროპას აქვს უფლება იყოს წარმოდგენილი და საიდანაც ევროპის გამორიცხვა არ შეიძლება. ამის განხილვა თურქეთთან შეიძლება, რომელიც შავ ზღვაში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია.
დასავლეთისგან რუსეთის მოკვეთამ საქართველოსთან ვაჭრობის ზრდა გამოიწვია. ომის პირველ წელს იმპორტში დიდი ნახტომი ვნახეთ. საქართველო ასევე სახმელეთო გზაა თურქეთიდან რუსეთში. ეს ორ ქვეყანას [საქართველოს და რუსეთს] აახლოებს და საქართველო კიდევ უფრო დამოკიდებულია რუსეთზე?
ჩვენ ოდნავ მეტად ვართ დამოკიდებული რუსეთზე და სხვა, ბევრ ქვეყანასთან შედარებით ნაკლებად ვარ დამოკიდებული ენერგეტიკის მიმართულებით, რადგან აზერბაიჯანის სახით, გვყავს ახლო მეგობარი და ეს დაგვეხმარა დამოკიდებულის თავიდან აცილებაში. ჩვენ [რუსეთზე] დამოკიდებული ვართ უმეტესწილად სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტსა და იმპორტში და გარკვეული ავტომობილების გადაზიდვაში. მაგრამ ამ პროცესმა [ევროპისგან რუსეთის მოკვეთამ] საქართველო [ამ მხრივ] ოდნავ დააახლოვა რუსეთთან.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან ახლოსაა. ეს არასდროს მოხდება რადგან, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, გვაქვს ჩვენი ისტორია და ვიცით, რამდენად ახლოს შეგვიძლია რუსეთთან მისვლა. ეს ასე არ იყო ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის, რომლებმაც თავიანთი თავი რუსეთზე ენერგოდამოკიდებული გახადეს.
როდესაც თქვენ გისმენთ, რჩება განცდა, რომ საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს ნატო - ევროკავშირსა და რუსეთს შორის?
საქართველომ ეს არჩევანი უკვე გააკეთა და ბოლო 30 წლის განმავლობაში, მუდმივად ამას აკეთებს და როცა საჭიროა ქუჩაშიც გამოდის. როდესაც საქართველოს მოსახლეობას ამ საკითხზე ეკითხები 80% (და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია) ამბობს, რომ მას უნდა ევროპა და ნატო და არაფერი სხვა! საქართველოსთვის სხვა პერსპექტივა არ არსებობს!
მთავრობები მოდიან და მიდიან. საქართველოს მოსახლეობის პოზიცია კი, 30 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, არ შეცვლილა. ის მანამდეც ასე იყო, რადგან საბჭოთა კავშირის მიმართ ყველაზე მერყევი ქვეყანა საქართველო იყო. საქართველოს მოსახლეობა ძალიან მტკიცეა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის დანახვაც, რომ მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სამთავრობო რიტორიკა შეიცვალა, მთავრობა შეიცვალა, პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და გვყავს ახალი პრემიერი, რომელსაც სრულებით განსხვავებული, პროევროპული რიტორიკა აქვს და რომელიც პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა.
მათ ადგილები გაცვალეს, პრემიერ-მინისტრმა და [პარტიის] თავმჯდომარემ?
დიახ, მათ ადგილები გაცვალეს, მაგრამ ასევე გაცვალეს რიტორიკები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეს კონსენსუსის მიღწევას აიძულებს, ეს კარგია და ამას შემიძლია მხოლოდ მივესალმო. თუ ასე არ მოხდება, მთავრობა, რომელიც მკაფიოდ არ იდგება ევროპულ მხარეს, ვერ მოიგებს მომავალ არჩევნებს.
მაგრამ ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპარლამენტი ცდილობს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევას. თქვენ ამბობთ, რომ....
მან ეს თქვა. ის არის პარტიის თავმჯდომარე, პარტია ოქტომბერში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მოსახლეობის სურვილი ამ განცხადებების მიუხედავად, უცვლელია.
მოდით ვისაუბროთ უცნაურ ვითარებაზე, სიმართლეა ის, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ნატოში, პირველ რიგში, სეპარატისტული ანკლავების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. ეს არ შეიცვლება, ხომ ასეა?
რატომ არ შეიცვლება?
თქვენ ხედავთ [ამის შესაძლებლობას]? რადგან 30 წლის განმავლობაში აფხაზეთი და ოსეთი განცალკევებულნი არიან.
ისინი ოკუპირებულები არიან. მე [შესაძლებლობას] ვხედავ და ვიცი რამდენიმე მაგალითი, გერმანია ერთ-ერთია. ასე რომ, მე არასდროს ვიტყვი, რომ არ არსებობს არა მხოლოდ ტერიტორიების, არამედ საზოგადოებების გაერთიანების იმედი. ძალიან დიდი იმედი და ძალიან ნათელი გზაა, ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანების ერთ-ერთი ფორმა ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაციაა!
ერთი წუთით, საზოგადოებისთვის რომ ნათელი გავხადოთ რაზე საუბრობთ, რადგან ჩვენ ახლა საქართველოს მეხუთედ ნაწილზე ვსაუბრობთ..
ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე.
ნამდვილად, ქართველებს იძულებით გადაადგილება მოუწიათ. სამხრეთ ოსეთი განსაკუთრებით, უკიდურესადაა დამოკიდებული რუსეთზე. ამ ორ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ არსებობს საქართველოს გაერთიანების სურვილი...
სამხრეთ ოსეთში ამის სურვილი არ არსებობს, ის დიდი სამხედრო ბაზაა, აქ მცხოვრებნი ფაქტობრივად ამ სამხედრო ბაზაზე მუშაობენ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, გეთანხმებით. ვერ ისაუბრებ პოლიტიკურ ნებაზე.
აფხაზეთის საკითხი ძალიან განსხვავებულია. აფხაზეთი ეტაპობრივი აღმოჩენის პროცესშია, რომ ის ყველაფერი, რასაც მას რუსეთი დაჰპირდა - იდენტობის, ენის, კულტურის კონსოლიდაციას, არამხოლოდ არ შესრულდა, არამედ რუსეთის ძლიერი ზეწოლით ხდება აფხაზეთის მოსახლეობის პოლიტიკური ნების ჩახშობა, რუსებისათვის მიწების გადაცემა, მათი სუვერენობის კითხვის ქვეშ დაყენება. ეს ყველაფერი დღეს ხდება.
აფხაზეთის საზოგადოებას შეიძლება არ სურდეს რუსეთის ნაწილად ყოფნა, მაგრამ მათ არ სურთ იყვნენ საქართველოს ნაწილი.
არა, მაგრამ მათ შეიძლება სურდეთ საქართველოსთან ერთად ევროკავშირის ნაწილად ყოფნა.
ანუ ეს არის მიზანი?
ზუსტად ეს არის.
ევროკავშირის წევრობა და შემდეგ...
ეს ის პერსპექტივაა, რისი შეთავაზებაც მათთვის შეგვიძლია. შეიძლება ისინი ვერ ხედავდნენ საქართველოსთან რეინტეგრაციას როგორც პერსპექტივას (როგორც ხანდახან ამას თვითონ ამბობენ), მაგრამ მათ შეუძლიათ დაინახონ ჩვენთან ერთად ევროკავშირში გაერთიანება, როგორც საკუთარი პერსპექტივა.
მაგრამ, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ საქართველო ევროკავშირის წევრობა რეალურია?
რა თქმა უნდა კი! საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩემი მიზანი და ჩემი ღრმა რწმენაა, ჩემი, როგორც დიპლომატის, როგორც მინისტრის, დეპუტატისა და ახლა, როგორც პრეზიდენტის - საქართველოში სწორედ ამიტომ დავბრუნდი.
როდესაც მე პირველად ჩამოვედი [საქართველოში], იმ დროს ევროპაში ამბობდნენ, რომ საქართველოს სამეზობლო პოლიტიკაშიც კი არ შეეძლო გაწევრიანება, რომ ჩვენ ამისგან ძალიან შორს ვიყავით. მას შემდეგ ჩვენ ვნახეთ სამეზობლო პოლიტიკა, ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია. 30 წლის წინ, ეს ყველაფერი შეუძლებლად მიიჩნეოდა.
თქვენ კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდგომ პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობდით. ერთ-ერთი ცვლილება კი, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის ‘ქართული ოცნება’ დამფუძნებელი პოლიტიკის წინა ხაზზე დაბრუნდა. ჩვენ უნდა ავხსნათ, რომ ამ ადამიანმა, რომელსაც ბევრი საქართველოს ერთადერთ ოლიგარქად მოიხსენიებს, რუსეთში დააგროვა ქონება, რომელიც საქართველოს სიმდიდრის დაახლოებით, მესამედს შეადგენს. რამდენიმე წინაპირობაა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს დაუწესა. მათ შორის, გამორჩეულია დეოლიგარქიზაცია. როდესაც ევროკავშირი დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს, მას [ივანიშვილს] გულისხმობენ?
ვიქნები ზუსტი - ევროკავშირმა დააყენა პირობა, რომელიც დეოლიგარქიზაციის პრევენციის სისტემას ეხება...
ანუ მისი [ივანიშვილის] პოლიტიკის წინა ხაზზე დაბრუნება მნიშვნელობის მატარებელი არ არის?
არა, ეს მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდა, რადგან ამით ბუნდოვანების ნაწილი მოიხსნა, რაც დიდი პრობლემა იყო, როცა გაურკვეველი იყო სად იყო ძალაუფლების წყარო, არ არსებობდა ვალდებულება და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის საჭიროება. ამიტომ, პირადად მე ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესია მას ჰქონდეს ნათელი პოზიცია, თუნდაც ის მდიდარი კაცი იყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრ სხვა ქვეყანაში მათ არ უწოდებენ ოლიგარქებს, მათ ეძახიან მილიარდერებს, რომლებიც ძალიან გავლენიანები არიან. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია...
ამასთან დაკავშირებით ძალიან ცხადები უნდა ვიყოთ - 2022 წლის დეკემბერში, ევროპარლამენტმა ევროკავშირს მისი [ივანიშვილის] დასანქცირებისკენ მოუწოდა.
ის არ დაუსანქცირებიათ. ეს არ არის ძალაუფლების საკითხი, ეს სისტემის საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაწესოთ წინაპირობები ქვეყანაში ოლიგარქიული ძალის პრევენციისათვის და ვფიქრობ, ეს ბევრ ქვეყანას აწუხებს, მათ შორის, საქართველოს. თუ ვსაუბრობთ ძალაუფლების სისტემაზე, ვფიქრობ, ეს საქართველოს უფრო პირდაპირ აწუხებს - რომ ჩვენ ისევ ვართ ერთპარტიულ სისტემაში. სწორედ ამიტომ ძალიან ცუდია, რომ სისტემის ვერტიკალი ერთი ადამიანია.
ჩვენ ეს უნდა ავხსნათ. თქვენ პრეზიდენტი ხართ, მაგრამ ეს დიდწილად ცერემონიული როლია. მთავრობა თქვენს იმპიჩმენტს შეეცადა, ამ წელს წინ არჩევნები გელოდებათ.
თუ [ჩემი როლი] დიდწილად ცერემონიულია, რატომ შეეცადნენ ჩემს იმპიჩმენტს?
კარგით. რატომ უნდოდათ თქვენი იმპიჩმენტი?
გიპასუხებთ. გიპასუხებთ.
რა არის თქვენი პასუხი ამ კითხვაზე?
ჩემი პასუხი იგივეა, რაც [ანტონიო] გუტიერეშის, როცა მას ჰკითხეს:- რაში მდგომარეობდა მისი ძალა, მან უპასუხა - სიტყვა! იგივეა [ჩემს შემთხვევაში]. ქვეყანაში, სადაც გაქვს სიტყვა, რომელიც ლეგიტიმურადაა აღიარებული, რადგან ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ხარ, ბევრი რამის თქმა შეგიძლია და შეგიძლია იყო ძალიან გავლენიანი. ამიტომ, ალბათ, უფრო პოლიტიკური მცდელობა იყო შეზღუდულიყო ეს.
კარგით. წელს არჩევნებია. თქვენ რას აპირებთ არჩევნების თვალსაზრისით?
პირველ რიგში, ვგეგმავ, პრეზიდენტის როლი ბოლომდე შევასრულო, რადგან ვფიქრობ ამ ინსტიტუტს, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუციას ძალიან დიდი როლი აქვს. ერთი მხრივ, ზედამხედველობა გაუწიოს, როგორ იქნება არჩევნები მომზადებული და ჩატარებული - და ამის გაკეთებას მე ვაპირებ. მეორე, მინდა ვნახო რას გააკეთებს მთავრობა ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად, რაზეც გვპირდებიან რომ ყველაფერს გააკეთებენ. მე დავაკვირდები და ვუბიძგებ, რათა მათ სამუშაოს თავისი ნაწილი შეასრულონ, რადგან ...
თქვენ მათ ხმას მისცემთ?
არ ვაპირებ გითხრათ, არჩევნებში ვის მივცემ ხმას.
მაგრამ თქვენს კანდიდატურას დააყენებთ?
არჩევნებში?
დიახ.
არა, არ მივიღებ მონაწილეობას. მე ვარ პრეზიდენტი და ჩემი მანდატი არჩევნებამდე გრძელდება.
მინდა გკითხოთ, ენდობით ,,ქართულ ოცნებას“, რომ საქართველოში შეინარჩუნონ და გაამტკიცონ დემოკრატია?
მათ ეს უნდა გააკეთონ, სხვაგვარად ქართველი ხალხი...
თქვენც გჯერათ მათი?
არ არის საჭირო მათ ენდობოდე. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ და ვერ შეძლებენ შედეგების დადებას იმ დროში, რაც ევროკავშირმა მოგვცა, ქართველი ხალხი მათ ხმას არ მისცემს. სწორედ ეს არის მათი რიტორიკის შეცვლის მიზეზი. ეს არის მიზეზი, რატომაც ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად.
ვნახოთ. მეც, როგორც სხვა ნებისმიერი, ქართველი ამომრჩეველი დაველოდები რა გაკეთდება, მაგრამ ამავდროულად, ვმუშაობ ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან, რათა მოვამზადოთ პლატფორმა, რომლის განხორციელებასაც ის პოლიტიკური ძალები დაიწყებენ, რომლებიც მომავალი არჩევნებით პარლამენტში შევლენ.
ვისურვებდი, რომ ეს იყოს კოალიციური მთავრობა. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოსთვის, რომელმაც დემოკრატიის გრძელი გზა გამოიარა, დრო მოვიდა დაემშვიდობოს ერთპარტიულ სისტემას, რომელიც ძველი დროის გადმონაშთია და გადავიდეს კოალიციურ მთავრობაზე.
თქვენ საუბრობთ ძალაუფლებებზე, რომელიც გაქვთ როგორც პრეზიდენტს. ერთ-ერთი მათგანია იყოთ ჩართული იმაში, თუ რა მოელის მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ციხეშია. მისი ფოტოები საკმაოდ შოკისმომგვრელია და აჩვენებს, რომ ის ძალიან ავადაა. ის ისევ ციხეში უნდა იყოს?
სააკაშვილი ნავალნი არ არის და ეს შედარებები რაც გვესმის...
შედარება შესაძლებელია, ის საქართველოს ყოფილი ლიდერია.
ის საქართველოს ყოფილი ლიდერია, მაგრამ ის ციხეშია იმისათვის, რასაც პრეზიდენტობის დრო აკეთებდა. [ის ციხეშია] არა როგორც პოლიტიკური ოპონენტი, არამედ როგორც ყოფილი ლიდერი.
უნდა იმყოფებოდეს თუ არა ის ციხეში, ვფიქრობ, ეს ჩემი განსჯის საგანი არ უნდა იყოს. ეს მოსამართლეებმა და ქართველმა ხალხმა უნდა განსაჯოს. მაგრამ, ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტობის დროს ის [სააკაშვილი] ძალიან ბევრი მიმართულებით უფლებამოსილებას აჭარბებდა. სწორედ ამიტომაა ის ციხეში. რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მე ყურადღებით ვადევნებდი თვალს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი, რომ [სათანადო] მკურნალობა... ყოველდღიურად...
არსებობს ინფორმაცია, რომ მას აწამებდნენ და რომ ის მოწამლეს. ამის გჯერათ?
არა.
თქვენ დანამდვილებით ამის არ გჯერათ?!
მე ამის არ მჯერა.
თქვენ ამბობთ, რომ ეს [საკითხი] სასამართლოებზე და ხალხზე გადის, მაგრამ თქვენ გაქვთ როლი და თქვენზე ზეწოლაა.
არსებობდა ჩემზე ზეწოლა. რაც უფრო დიდი იქნება ჩემზე ზეწოლა, მით უფრო რთული იქნება, რადგან ჩემთვის მიუღებელია, რომ პრეზიდენტის შეწყალების დისკრეციული უფლება, რომელიც ციხეში ბევრ სხვა, სხვადასხვა პირობებში მყოფ ადამიანს ეხება, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ. შეწყალების უფლება ჩემი მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც მე წინასწარ ვინმეს ინფორმირებულობის გარეშე მივიღებ.
სწორედ ამიტომ თქვით თქვენ უარი. თქვენ HARDtalk-ს [ადრე] უთხარით, რომ მას არ შეიწყალებდით. შემდეგ, დეკემბერში რადიო ,,თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ ,, მე უარი არ მითქვამს მის შეწყალებაზე“. ისევ კითხვის ნიშანია [ამ საკითხზე]?!
კითხვის ნიშანია.
რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიის მარცხი იქნება. მართალია, ის ამაში?
არ ვფიქრობ, რომ ის ციხეში მოკვდება. მე ვცდილობ და ბოლომდე გავუწევ ზედამხედველობას, რომ ეს არ მოხდეს რადგან ვეთანხმები, რომ ეს საქართველოს რეპუტაციისათვის დამაზიანებელი იქნება, რისი დაშვებაც არ შეიძლება. სწორედ ამიტომ ვიყავი ყოველდღიურ კონტაქტზე [ამ საკითხში] ჩართულ პირებთან, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა. ამავდროულად, სხვა გზებიც არსებობს. მთავრობა და იუსტიციის მინისტრი პირდაპირ პასუხისმგებელია. ექსტრადიციის შესაძლებლობა ისევ არსებობს.
უკრაინამ და პოლონეთმა განაცხადეს, რომ ისინი მას მიიღებენ.
დიახ, ასეა. ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა.
ფიქრობთ, რომ ეს მოხდება?
შესაძლებელია.
ქალბატონო პრეზიდენტო, ბოლო კითხვა. ჩვენ ვსაუბრობთ გეოპოლიტიკაზე, რომელიც გარდამტეხ მომენტშია. თქვენც ასე ხედავთ ამ წელს მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, რომ ეს არჩევნები საქართველოს მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება?
ნამდვილად გადამწყვეტი წელიწადია. როდესაც უკან ვიხედები, ვფიქრობ, რომ ყოველ წელს იმავეს ვიმეორებ, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, როცა არასდროს ვიცით რა იქნება მომავალ წელს. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ ასე მიზანსწრაფულნი და ერთიანნი.