საქართველოს ევროპული შესაძლებლობები - ამ დისკუსიის სახელწოდება ყველაფრის მთქმელია და ეს სწორედ ის შესაძლებლობაა, რომლის განხორციელებაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სურს. ევროპულობა და ევროპელობის სურვილი საქართველოს დნმ-შია. ეს არის ის, რაც იმ ქართველებისათვის მოტივაციის ძალა იყო, რომლებიც საქართველოს მე-20 საუკუნის დამოუკიდებლობას ამზადებდნენ; დამოუკიდებლობის მამები, რომლებიც ჩვენ გვყავდა, ყველა ევროპული ორიენტაციის იყო. ისინი შესაძლოა, განათლებას რუსულ უნივერსიტეტებში იღებდნენ, მაგრამ ევროპისკენ და ევროპული მმართველობის მოდელებისკენ იყურებოდნენ. - ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში განაცხადა.

"საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართველი ერის ერთ-ერთი მამა, ილია ჭავჭავაძე ირლანდიურ მოდელზე ფიქრობდა, სხვები შვეიცარიულ მოდელზე. ასე, რომ მზერა ყოველთვის დასავლეთისკენ იყო მიპყრობილი. ეს არის სწორედ ის, რამაც მე-19 საუკუნეში რუსულ იმპერიალისტურ ყალიბში ყოფნის შემდეგ, პირველი ქართული დამოუკიდებელი რესპუბლიკა დააარსა. როდესაც საქართველომ 1918 წელს დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ქვეყანაში არა მხოლოდ სახელმწიფოს მართვის მოდელი ევროპული არსებობდა და არამედ შეიქმნა კონსტიტუცია, რომელიც ბევრი მიმართულებით ევროპაში იმ დროს არსებულ კონსტიტუციებზე წინ იდგა. ბევრი რამ, რის გაკეთებასაც დღეს ვცდილობთ და რისი აღმოჩენაც ხელახლა გვინდა, იმ დროს უკვე არსებობდა. ძალიან განვითარებული იყო მართლმსაჯულების სისტემა. ჩვენ არ დაგვჭირდებოდა ევროკავშირის რეკომენდაციები, ევროკავშირს მაშინ, რომ ეარსება. მასში ჩადებული იყო დაუცველობის ძლიერი [სისტემა] და მთელი კონსტიტუცია მიმართული იყო ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების დაცვისკენ, რაც იმ დროისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ცნობილია, რომ ქალებს არჩევნებში არა მხოლოდ ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, არამედ ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ არჩეულნი; ამგვარად, დამფუძნებელი კრების წევრი 5 ქალი გახდა, რომელთაგანაც ერთი მუსლიმი იყო. ეს ყველაფერი 1921 წელს რუსეთმა გააქრო, როდესაც იმპერიის დაცემის შემდეგ, საქართველოში მე-11 წითელი არმიის მეშვეობით შემოვიდა საქართველოში.

სწორედ რამდენიმე დღის წინ იყო 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე, თბილისის დაცემის ტრაგიკული დღე და საბჭოთა 70 წლიანი რეჟიმის დასაწყისი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა, რამაც გვაიძულა დაგვევიწყებინა ჩვენი წარსული, ტრადიციები, ზოგიერთი ჩვენი პრინციპი და რამაც ვალდებული გაგვხადა 1991 წელს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, ყველაფერი გარკვეულწილად ხელახლა შეგვექმნა, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეცვლილი იყო.

სრულიად საქართველოს კულტურული და ინტელექტუალური ელიტა დახვრიტეს. ამიტომ, ქვეყანას ხელახლა შექმნა სჭირდებოდა და თანაც ძალიან რთულ პირობებში, რადგან 1991 წლიდანვე რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა სეპარატისტებისათვის იარაღის მიწოდებით, პირველი ომის გაღვივებითა და მათი მხარდაჭერით დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ეს პირველი ომი ,,გაყინული კონფლიქტით“ დასრულდა და ასე გასტანა 2008 წლამდე, სანამ რუსეთმა ომით არ მოახდინა ამ გაყინული კონფლიქტების ოკუპირებულ ტერიტორიებად ტრანსფორმაცია, სადაც მან სამხედრო ბაზები გახსნა, რომლებიც იქ დღემდე არსებობს.

ამიტომ ეს იყო ძალიან რთული და ამავდროულად, საოცრად სწრაფი გზა.

2003 წელს, საქართველოში საფრანგეთის ელჩად ჩასვლამდე, მე ვეწვიე პარიზში ბევრ ინსტიტუციას და რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტს, მაშინ პასუხი ძალიან ნათელი იყო - საქართველო ვერასოდეს იქნება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, რადგან ის ევროპისა და ევროკავშირისაგან ცოტა არ იყოს შორს მდებარეობს.

ეს იყო 2003 წელს, დღეს კი 2024 წელია. ბოლო 20 წელში საქართველომ ყველა ეტაპი გაიარა - სამეზობლო პოლიტიკაში არყოფნიდან მასში გაწევრიანებამდე, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება და მყარად მიიწევდა იმისკენ [კანდიდატის სტატუსისკენ], რაც გასული წლის მიწურულს მოგვენიჭა; ანუ „სადღაც სხვაგან ყოფნიდან“ 20 წლის შემდეგ მოგვენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მანამდე კი, მოგვენიჭა ის [ევროპული პერსპექტივა], რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოს მოსახლეობისთვის ცოტა არ იყოს იმედგაცრუება აღმოჩნდა, მაგრამ ჩემთვის, ადამიანისათვის, რომელმაც მანამდე იცოდა ევროპელ პარტნიორებს შორის მიმდინარე ყველა დისკუსია, ევროპული პერსპექტივა [ევროპელების პოლიტიკაში] რადიკალურ ცვლილებას წარმოადგენდა, რადგან ევროპელები პირველად ამბობდნენ, რომ გეოგრაფიას მნიშვნელობა აღარ აქვს, მნიშვნელოვანია სისტემა, ინსტიტუციები და [ევროპამ] ღიად აღიარა საქართველოს ბედი დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში.

ასე რომ, ევროპული შესაძლებლობები იმის მსგავსია, რისკენაც საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში მიისწრაფოდა და ეს გზა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ განვიცდით დიდ ცვლილებებს, რომელთა სიმბოლოც კანდიდატის სტატუსია და ეს ხდება მაქსიმალური გამოწვევების პერიოდში. ეს გამოწვევები ჩვენით არ იწყება.

დღეს, რომ ერთი მესიჯის გაჟღერების შესაძლებლობა მქონოდა აქ - ვიტყოდი: იმისათვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროპული გზა და როგორც სრულფასოვანი წევრი, ნამდვილად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ამ ჰორიზონტისკენ გავლილი გზა, რომ რეალობად იქცეს და ქვეყანა ევროპის ნამდვილ წევრად გარდაიქმნას, არსებობს ერთი კოლოსალური გამოწვევა და ეს გამოწვევა არის რუსეთი და დღეს რუსეთი უკრაინაში.

დიახ, ჩვენ ვიცით, გამოგვიცდია და ბევრის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის მეზობელი, იყო რუსეთის სხვადასხვა რეჟიმის მიერ, სხვადასხვა ფორმით დაპყრობილი, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია. არ არსებობს საქართველოს და საქართველოს ამ ევროპული გზის მხარდაჭერა, უკრაინის მხარდაჭერის გარეშე. უკრაინის მხარდაჭერა ევროპელების, ყველა დასავლელი პარტნიორის და მათ შორის, ამერიკელთა  უმრავლესობის საერთო მიზანია. ეს ყველასთვის მთავარი მიზანი და ამოცანაა.

თუ რუსეთმა არ გაიზიარა რას ნიშნავს იყო ერთ-ერთი მრავალთა შორის, იყო ერი საზოგადოებაში, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, თუ მან განაგრძო ფიქრი იმაზე, რომ შეუძლია გაფართოვდეს როცა სისუსტეს გრძნობს, ანდა სულაც იმიტომ, რომ ეს [გაფართოება] მისი ბუნების ძირეული მახასიათებელია, მაშინ არ იქნება არც სტაბილურობა და არც მშვიდობა. ძალიან რთული იქნება ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, როგორიც მოლდოვა და უკრაინაა, განვაგრძოთ ამ გზაზე სიარული, რომელიც ჩვენთვის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გზაა, პირველ რიგში,  კი, მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაა. ასე რომ, თუ რუსეთი არ შეიცვლება...  და ერთადერთი გზა, რითაც რუსეთი შეიცვლება არის თუ ვერ მოიგებს უკრაინაში. ეს ისევ და ისევ ერთიანი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, არიან ქვეყნები, რომლებსაც ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ. საქართველო ალბათ, იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებსაც ნაკლების გაკეთება შეუძლიათ სიტუაციიდან გამომდინარე - ოკუპირებული ტერიტორიების გამო, რუსეთთან სიახლოვის გამო, რომელიც ყოველდღიურად იგრძნობდა, იგრძნობა გამყოფ ხაზთან, რომელიც ჩვენს და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორისაა ,,გავლებული“ და რომელიც თითქმის ყოველდღიურად იცვლება და სადაც ადამიანები ტყვედ აჰყავთ და სადაც ამ ხაზის ორივე მხარეს, ადამიანის ცხოვრება უარესდება: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად უკიდურესად რთულია ამ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ცხოვრება და ოკუპირებულ მხარეს იმიტომ, რომ მოსახლეობას ნებისმიერი ელემენტარული უფლების განხორციელებაზე წვდომა არ აქვს.

თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მხარდაჭერა სჭირდება (რაც COVID პანდემიისას ძალიან თვალსაჩინო იყო), ისინი გამყოფ ხაზს რთულად კვეთენ, რადგან ყოველთვის არ აძლევენ [საოკუპაციო ხაზზე] გადმოსვლის უფლებას, ან არ იციან როდის შეძლებენ გადმოსვლას. განათლების მისაღებადაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაცული არ არის ენა, როგორც კულტურული იდენტობის მატარებელი ნიშანი, არანაირი გზით არ არის დაცულ არც აფხაზური და  არც ოსური ენა. ფაქტობრივად, ისინი ამ ენებზე აღარ საუბრობენ, არის მხოლოდ რუსული [ენა] და საქართველოსათვის კარგად ნაცნობი, რუსიფიკაცია. არ არის დაცული კულტურა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მომხდარა ის, რისი მოლოდინიც არსებობდა სეპარატისტული ძალების მხრიდან - იდენტობისა და განსხვავებულობის გაძლიერება.

მაგალითისათვის ავიღოთ აფხაზეთი. მათ მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრინციპი, რომ ეს მათი მიწაა და რომ ეს [მიწა] არ გაიყიდებოდა, ან გასხვისდებოდა უცხოელებზე, რუსებმა დაძლიეს, ძლიერი ზეწოლა მოახდინეს და შეძლეს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტისაგან ნებართვის აღება ეყიდათ მიწები, აეროპორტი და შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ოჩამჩირის პორტი. ეს თავისთავად პრობლემას წარმოადგენს, რადგან რუსეთს იქ უკვე არსებული სამხედრო ბაზების გარდა, ახალი სამხედრო ბაზის დამატება სურს.

ასე რომ, საქართველოს მომავალი უკრაინაშია, ევროპის მომავალი უკრაინაშია და უკრაინის გამარჯვებაშია. უკრაინა, მრავალი თვალსაზრისით, უკვე გამარჯვებულია, რადგან რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. მიუხედავად, რუსული პროპაგანდის მცდელობებისა, გავლენა მოახდინოს ჩვენს საზოგადოებრივ აზრზე, პრეზიდენტ პუტინის ომის მიზნები საერთოდ არ შესრულებულა.

პირველი მიზანი რამდენიმე დღეში უკრაინაზე უპირატესობის მოპოვება იყო, რათა ენახათ როგორ გარბის უკრაინის პრეზიდენტი, მის მთავრობასთან ერთად, უკრაინიდან. მიზანი იყო კიევის აღება და როგორც ისინი ამბობენ, დენაციფიკაცია, (რაც არავინ იცის რას ნიშნავს, რადგან შეიძლება ვიკითხოთ, სად არიან დღეს ნაცისტები?!), ეს ყველაფერი არ მოხდა.

შემდეგ ისინი [რუსები] ფიქრობდნენ, რომ მათი სამხედრო ძალა შეძლებდა უკრაინის სამხედრო რესურსების სწრაფად დაძლევას, კვირების, ან თვეების განმავლობაში. ისინი ტანკებითა და ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანით იმუქრებოდნენ. ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიური ომია, რომელიც KGB-ს ძველი აგენტის მიერ იმართება. არ არსებობენ ძველი აგენტები, ისინი აგენტებად რჩებიან. სწორედ ამიტომ პრეზიდენტი პუტინი იძულებული იყო დღეგამოშვებით ეცვალა თავისი სამხედრო მეთაურები, რადგან არაფერი შესრულებულა ისე, როგორც მათ წარმოედგინათ.

მართალია, მათ ჯერ არ იციან რას ნიშნავს წმინდა სამხედრო დამარცხება და დიახ, უკრაინას ჯერ არ დაუბრუნებია მისი ტერიტორიები სრულად, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მაგრამ უკრაინას არაფერი დაუკარგავს. უკრაინას არ დაუკარგავს საკუთარი საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ორწლიანი ომი უკიდურესად რთულია და ძალიან დამაზიანებელია საზოგადოების ერთობისთვის. უკრაინამ კი ამ ყველაფერს გაუძლო!

მიუხედავად რუსული პროპაგანდისა, რომელიც ძალიან აქტიურია გარკვეული რეაქციების გამოწვევის მცდელობებში, უკრაინა ევროპელი პარტნიორებისგან მხარდაჭერას იღებს; აქაც, ორი წლის შემდეგაც, ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. ჩვენი [კოლექტიური] საზოგადოებრივი აზრი, მიუხედავად მცდელობებისა ზეგავლენა მოახდინონ უკრაინის გარშემო თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებზე, ისევ იგივეა, უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისათვის ამ მხარდაჭერას და რჩება იმ განწყობაზე, რომ სოლიდარობამ უნდა გაიმარჯვოს. 
მიუხედავად ევროპელის (და არა ევროპელების) მცდელობებისა, ევროპელი პარტნიორების ერთობა არ დაიშალა, ჯგუფის წევრებმა შეძლეს სწორი მიმართულების შენარჩუნება. ორი წლის შემდეგ(აც) კი, ევროპამ შეძლო უკრაინის მხარდასაჭერი პაკეტისათვის 50 მილიარდის გამოყოფის საკითხზე ერთიანობის შენარჩუნება. ვერავინ შეძლებდა წინასწარმეტყველებას, რომ ორი წლის შემდეგაც კი, ევროპა ისევ შეძლებდა კონსენსუსის ამ დონეზე შენარჩუნებას და შეძლებდა ასეთი მასშტაბის მხარდაჭერის შენარჩუნებას.


არც ევროპელები და ამერიკელები გაიყვნენ. ესეც ის არის, რის მიღწევასაც რუსები ძალიან აქტიურად ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, არ ვიცით რა გველოდება მომავალი თვეების განმავლობაში, რა შედეგებით დასრულდება არჩევნები, მაგრამ თუ შევხედავთ ევროპული ქვეყნების მაგალითებს - მთავრობის ცვლილება და ზოგიერთი პოპულისტური ჯგუფების მიერ ძალაუფლების მოპოვება საკმარისი არ არის საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებისათვის. ვფიქრობ, დღეს ყველა იაზრებს, რომ ეს ეგზისტენციალური საკითხია.
როდესაც საქართველოზე ვსაუბრობდი, ვთქვი, რომ ჩვენთვის ეს საკითხები ეგზისტენციალურია. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და შემდეგ აღადგინა ის, მაგრამ, დღეს ეს [ეგზისტენციალურია] არა მხოლოდ ჩვენთვის, ‘ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ’,  ეს ეგზისტენციალურია თითოეულისათვის.ეს არის ის მესიჯი, რომელიც მინდა გავუზიარო საზოგადოებას, რომელიც საქართველოს უყურებს, მაგრამ რომელიც ასევე საკუთარ თავსაც უნდა უყურებდეს და აკვირდებოდეს იმ შედეგებს, რომლის მიღწევასაც საბჭოთა პროპაგანდა ყველანაირი სახის ახალი მეთოდებით სხვადასხვა საზოგადოებებზე ცდილობს: კიბერშეტევებით, ექსტრემისტული და მარგინალური ჯგუფების დაფინანსებით, ამ ჯგუფების მეშვეობით პრორუსული პროპაგანდისტული თემების გაჟღერებითა და ევროპულ საზოგადოებებში ერთიანობის დარღვევით.

მაგრამ ეს [მეთოდები] არც თუ ისე კარგად მუშაობს. უნდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით [პროპაგანდასთან დამკლავებით] ჩვენ ევროპულ საზოგადოებებთან შედარებით უფრო წინ ვართ, რადგან ჩვენ ეს დიდი ხანია ვიცით. დიახ, ჩვენთან აქტიური საბჭოთა პროპაგანდა მიმდინარეობს, დიახ ჩვენთანაც იგივე მეთოდებია: საქართველოში ისინი აფინანსებენ მარგინალურ ჯგუფებს, ისინი ოქტომბერში ჩვენი მომავალი არჩევნებისთვის ემზადებიან და სავარაუდოდ, ჩვენ ვნახავთ ყველანაირი მცდელობების გააქტიურებას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ საქართველო ძალიან მედეგია.

ჩვენ საბჭოთა პროპაგანდის 70 წლიანი გამოცდილება გვაქვს. იმ დროს, საქართველოში საზოგადოება ძალიან აქტიური და პოლიტიზებული იყო და ამით მან შეძლო საკუთარი საღი აზრისა და სწორი მიმართულების შენარჩუნება. იგივე ხდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ - ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის ფონზე, ყოველდღიური მუდმივი ზეწოლის ფონზე, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე [საოკუპაციო] ხაზს მოაქვს, მე არ გამიგონია ვინმეს ეთქვას, რომ რადგან რუსული ტანკები ასე ახლოსაა დედაქალაქთან, ჩვენ ნაკლებად უნდა ვისაუბრებთ ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაციაზე." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.