ლარი შეიძლება რამდენიმე წამში გახდეს კუპონი თუ ამას დასავლეთი გადაწყვეტს და ჩვენ მოვექცევით ეკონომიკურ ბლოკადაში თუ იქნება სანქციები, თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება საფრთხე, თუ ცივილიზებული სამყარო ჩვენზე იტყვის უარს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე -„კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ განაცხადა.
„ერთი წამით წარმოიდგინეთ, ლარი შეიძლება რამდენიმე წამში გახდეს კუპონი თუ ამას დასავლეთი, ევროპა გადაწყვეტს და ჩვენ მოვექცევით ეკონომიკურ ბლოკადაში, თუ იქნება სანქციები, თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება საფრთხე, თუ ცივილიზებული სამყარო ჩვენზე იტყვის უარს, აუცილებლად ჩვენი ლარი გახდება კუპონი. ჯერ ისედაც გაძვირებულია ყველაფერი, ამ ლარს ფასი არ აქვს, ადამიანებს ამდენი პრობლემა აქვს და ივანიშვილს კიდევ ძალიან ბევრი დოლარი აქვს, არ ნერვიულობს, გასაქცევიც ექნება სადმე და ფიქრობს ალბათ, აიღებს ამ ჩემოდნებს და უკაცრავად, მაგრამ ხალხმა რა უნდა ქნას? ჩვენ ჩვენი შვილების მომავალი ივანიშვილს გავატანოთ რუსეთში და საქართველო რუსეთის გუბერნია გახდეს?
წესიერ ადამიანებს, რომლებიც ინახავენ ოჯახებს, ემიგრაციაში არიან გაქცეულები, კარგად ესმით, რომ ეს რუსული კანონი არის პრობლემა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ბიზნესმენებს - ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი გააუქმებს ამ ქვეყანას და მერე თქვენ რომ მოგადგებიან და „გაკულაკებას“ დაიწყებენ, თუ გგონიათ რომ ივანიშვილი ამას არ იკადრებს? ამას კი არა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის აზრიც არ აინტერესებს, არცერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორის აზრი ამათ არ აინტერესებთ და თქვენთან რომ მოვლენ, გაჩუმებულები რომ ხართ, ეს არ არის სწორი. ყურები გამოიბერტყეთ, თვალები გაახილეთ, სამშობლოს გვართმევენ და თქვენ რომ სიმდიდრე გგონიათ ეგ არაფერი არ არის, „გაგაკულაკებენ“, წაგართმევენ მაგ ბიზნესებს და ივანიშვილი ჩაიდებს ჯიბეში. კანონიც ისეთი შემოაქვთ, რომ მილიარდს შემოიტანს, შავ ფულს და ლარსაც არ გადაიხდის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.