ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული და აყურებინეს საზოგადოებას, რომ უთხრან, თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით, ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს ივანიშვილი და მისი ბანდა, ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ცუდია ის, რომ პოლიციელების ნაწილს გადააცვეს ზონდერებს ფორმა“.
„ესენი არიან მილიციელები, ხალხის დაცვასთან, კანონის დაცვასთან საერთო არაფერი არ აქვთ. რაც ვნახეთ, ცხადია, ძალიან მძიმე იყო ამის ყურება, რუსული რეჟიმის პირობებში ისინი ასე იქცევიან. შესაბამისად, რომ გითხრათ ანზორ ჩუბინიძის პასუხისგების საკითხს დააყენებენ, მოგატყუებთ. ივანიშვილი თავად არის ამ დავალების გამცემი და შესაბამისად, ასე უყურებს ამ ქვეყანას, რომ მას უნდა ემსახურებოდეს ყველა. ამიტომ არ აქვთ განცდა, რომ პოლიციელმა კანონი უნდა დაიცვას, პოლიციელი კანონის შესაბამისად უნდა მოიქცეს. ეს ყველა ადამიანი ხომ იდენტიფიცირებულია და ძალიან მძიმე სანახავი იყო. ეს ხომ მიზანმიმართულად გააკეთეს და ეს აყურებინეს, მათ შორის საზოგადოებას, რატომ? იმიტომ, რომ ეუბნებიან პარლამენტის წევრს ასე ვექცევით და თქვენ წარმოგიდგენიათ, თქვენ როგორ შეიძლება, მოგექცეთო, სადმე დაგიმარტოხელებთ, ეს არის მათი მესიჯი. უნდა ესმოდეს ყველას, რომ შიშით, დაშინებით, ხელების გადაგრეხვით, ქართველი ხალხი ვერავის დაუჩმორებია. ამას ივანიშვილი ვერ მოახერხებს. ბუმერანგივით დაუტრიალდება ის, რასაც ყოველდღიურად აკეთებენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.