თუ „გამჭვირვალობის კანონი“ საფრანგეთში, ავსტრალიაში მისაღებია, ევროკავშირში მიიღებენ, შეერთებულ შტატებში მუშაობს დიდი ხანია, საქართველო რატომ ვერ შეძლებს ამ ელემენტარული ტესტის ჩაბარებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფინანსური დეკლარაცია შეავსონ და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ?!- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ზოგადად გრანტი არ არის ქველმოქმედება. თანხას კონკრეტული დონორი, კონკრეტულ ორგანიზაციას უხდის არა თუ ქველმოქმედებისთვის, არამედ კონკრეტული ინტერესების გატარებისთვის. უცხო ინტერესის გატარება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ცუდი ინტერესია. ეს არავის უთქვამს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაანალიზეთ საერთაშორისო მიდგომები, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ეკოდიფენსის“ საქმეზე, სადაც პირდაპირ აღნიშნა სტრასბურგის სასამართლომ, რომ სახელმწიფოს, იქნება ეს საფრანგეთი, გერმანია, საქართველო, სრულად ლეგიტიმურად აქვს უფლება მოაწესრიგოს თავისი კანონმდებლობა ისე, რომ უცხო ქვეყნიდან შემოსული ნებისმიერი დაფინანსება იყოს ადმინისტრირებადი და გამჭვირვალე. ჩვენი ინტერესიც ეს არის. სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ არის სივრცეები, არჩევნები, პოლიტიკური სივრცე, სადა, შეიძლება იყოს რისკი რომელიმე ქვეყნის მხრიდან ჩარევის. სტრასბურგის სასამართლო გერმანიასაც, საფრანგეთსაც აძლევს იმის სივრცეს, რომ მათი ქვეყნის ინტერესები დაიცვან“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმაზე თუ როგორ იმოქმედებს „გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე.
„ევროკავშირის წევრობა არ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი არ გაქვს. ყველა ქვეყანას აქვს თავისი კონსტიტუცია, უსაფრთხოება, ეროვნული და თავისი საზოგადოების ინტერესები. ეს ინტერესები უნდა იყოს და არის დაცული. თუ ეს კანონი საფრანგეთში, ავსტრალიაში მისაღებია, ევროკავშირში მიიღებენ, შეერთებულ შტატებში მუშაობს დიდი ხანია, საქართველო რატომ ვერ შეძლებს ამ ელემენტარული ტესტის ჩაბარებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფინანსური დეკლარაცია შეავსონ და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ?!“,- განაცხადა ოხანაშვილმა.