შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით, C5+1 ქვეყნების მორიგ ყოველწლიურ დიპლომატიურ სამიტზე, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში გაიმართა, ქვეყანაში პირველი ერთობლივი ვიზიტით მყოფმა ცენტრალური აზიის ქვეყნების პრეზიდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ამერიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნების მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში ცენტრალური აზიის ქვეყნების პრეზიდენტების ვიზიტი, პრეზიდენტების შეხვედრები სახელმწიფო მდივანთან და პრეზიდენტთან და C5+1 ქვეყნების ყოველწლიური სამიტი წარმატებით დასრულდა.

მხარეებმა დაადასტურეს ცენტრალური აზიის ქვეყნების სამხრეთ კავკასიასთან და ევროპასთან დამაკავშირებელი ძირითადი სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად აქტიური თანამშრომლობისთვის თავიანთი მზადყოფნა და ხელი მოაწერს რიგ შეთანხმებებს.

კერძოდ, უზბეკეთმა გამოაცხადა Denali Exploration Group-თან და Re Element Technologies-თან იშვიათი მიწაელემენტებთან დაკავშირებით ხელშეკრულებების დადების შესახებ, ყაზახეთმა კი ამერიკულ კომპანია Cove Kaz Capital Group-თან ხელი მოაწერა ჩრდილოეთ კატპარისა და ზემო კაირაკტის ვოლფრამის საბადოების ათვისების ხელშეკრულებას. ამერიკული კომპანიას ყაზახურ კომპანია Tau-Ken Samruk-თან ერთობლივ საწარმოში 70%-იან წილი ექნება.

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ორი ქვეყნის კომპანიებს შორის 17 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახური ავიაკომპანია Air Astana აპირებს დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ღირებულების თვრამეტი Boeing 787-9 Dreamliner თვითმფრინავის შეძენას. პირველი ორი თვითმფრინავი 2026 წელს იქნება შეძენილი, დანარჩენები კი მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში.

ტაშკენტმა, რომელმაც სექტემბერში 14 ამერიკული შორ მანძილზე განხორციელებული Boeing-ის თვითმფრინავის შესყიდვის კონტრაქტები გააფორმა, შეთანხმება გააფართოვა და შეკვეთა 22 თვითმფრინავამდე გაზარდა. უზბეკეთმა ასევე განაცხადა ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შესახებ გიგანტი მწარმოებელი John Deere-ისგან.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, უზბეკეთი მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეერთებული შტატებისგან 35 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელს შეიძენს და ინვესტირებას განახორციელებს, შემდეგი ათი წლის განმავლობაში კი თანხის ოდენობა 100 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება.

ტრამპმა განაცხადა, რომ უზბეკეთმა და შეერთებულმა შტატებმა 10 წლის განმავლობაში 100 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებები გააფორმეს და ამას „წარმოუდგენელი სავაჭრო-ეკონომიკური გარიგება“ უწოდა.

უზბეკური პრესის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას. წინასწარი კონტრაქტები გაფორმდა შეერთებული შტატებიდან სოიოს და ბამბის მიწოდების, ასევე ამერიკული წვეთოვანი სარწყავი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

ტაჯიკეთმა ასევე გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან 14 თანამედროვე თვითმფრინავის შეძენის შესახებ.

ბიშკეკმა და აშხაბადმა შეერთებულ შტატებთან შეთანხმებები არ გააფორმეს, მაგრამ განაცხადეს პარტნიორობის გაღრმავების განზრახვის შესახებ.

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის სამი ძირითადი სფერო გამოყო: ჰიდროენერგია, სატრანსპორტო კავშირების განვითარება და საინფორმაციო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი. თუმცა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, თანამშრომლობის სხვა სფეროებიც უნდა განვითარდეს.

„ფინანსური და საბანკო თანამშრომლობის განვითარება ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობისაა, რათა გავუადვილოთ საბანკო გადახდები, მოვიზიდოთ ინვესტიციები, განვახორციელოთ პროექტები და გავზარდოთ ვაჭრობა ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის“, - ხაზგასმით აღნიშნა ჟაპაროვმა.

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ამერიკელ პარტნიორებთან ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. მან ხაზი გაუსვა მწვანე ენერგიისა და მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების პროექტებს და ამ სფეროებს ყველაზე პერსპექტიულს უწოდა.

თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა გამოთქვა რწმენა, რომ სამიტის შედეგები გააფართოებს თანამშრომლობას ქვეყნებს შორის.

„ჩვენ ვაფასებთ C5+1 ფორმატს და გვჯერა, რომ ის ეფექტურად უწყობს ხელს თანამშრომლობის გაძლიერებას უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში“, - დასძინა ბერდიმუჰამედოვმა.

ცენტრალური აზია ამჟამად მსოფლიოში ჰეგემონის როლზე პრეტენზიების მქონე სახელმწიფოების (აშშ, ჩინეთი, რუსეთი) და გაერთიანებების (ევროკავშირი) მზარდი ინტერესის არენად არის ქცეული.

მოსკოვი, რომელიც ტრადიციულად ცენტრალური აზიის ხუთ სახელმწიფოს თავისი გავლენის სფეროს ნაწილად მიიჩნევს, პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს. მან ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტის შესახებ ამ ქვეყნების ლიდერებისთვის მოსაწვევების გაგზავნის შემდეგ მალევე განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს ცენტრალური აზიის რუსეთისგან „მოწყვეტას“.

ჩინეთი საერთო საზღვრის მქონე ყაზახეთთან და ყირგიზეთთან კავშირების განმტკიცებით, მათზე გავლით ცენტრალური აზიის სხვა სამ ქვეყანასთან ურთიერთობის დამყარებას და ყველა მათგანთან ერთად აბრეშუმის გზის პროექტის გაფართოება, განვითარებით და ამ ქვეყნების სასარგებლო წიაღისეულით არის დაინტერესებული.

ევროკავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებს ენერგორესურსებით და ურანის მადნებით რუსეთის ჩამნაცვლებლად განიხილავს.

შეერთებული შტატებისთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებზე თავისი გავლენის გაძლიერების მცდელობა, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ელემენტებზე წვდომის (ეს ელემენტები ჩინეთის და რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, აფრიკის ქვეყნებში, ჩილეში, შვედეთში, უკრაინაში და შეერთებულ შტატებშიც არის - „აიპრესი“) გარდა, და შესაძლოა ბევრად უფრო მეტადაც, იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ძირითადი კონკურენტი ქვეყნის - ჩინეთის - შესაძლებლობების შეზღუდვას (ზღვაზე გასასვლელის არქონის გამო ცენტრალური აზიის ქვეყნები იძულებულები არიან დამოკიდებულები იყვნენ ჩინეთზე და რუსეთზე და დათანხმდნენ თავიანთ ნედლეულში მათგან შეთავაზებულ იაფფასიან წინადადებებს) და მასზე თავის დამოკიდებულების (სტრატეგიულ, განსაკუთრებით, იშვიათ მიწაელემენტების მოპოვება-დამუშავებაზე მონოპოლიამ და ტრამპის მიერ საბაჟო ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკაში მათ ექსპორტზე შეზღუდვის დაწესებამ და აგრეთვე, ერთი შეხედვით, არცთუ დიდი მნიშვნელობის მქონე სიოს იმპორტზე უარმა და ამის გამო მათი მწარმოებელი და რესპუბლიკელების მხარდამჭერი შტატების ფერმერებში აგორებულმა უკმაყოფილების ტალღამ, შტატებს უკან დახევა და ტარიფების შემცირება აიძულა - „აიპრესი“) მინიმუმამდე დაყვანას ისახავს მიზნად.

C5+1 ფორმატს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთი ყირიმში შეიჭრა და ჩინეთთან რუსეთის მეგობრული კავშირების არასასურველად მიჩნევის და სულ მცირე მათი ერთმანეთისგან დისტანცირებით დაინტერესებული შეერთებული შტატები იძულებული შეიქმნა რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებისკენ გადაედგა ნაბიჯები. C5+1 ფორმატმა, როგორც უსაფრთხოების, ინვესტიციებისა და მდგრადი განვითარების შესახებ დიალოგის გაღრმავების და საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ბალანსის დამყარების ინსტრუმენტმა, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. თუმცა, დღემდე პარტნიორობის განვითარების მიმართულებით ბევრი არაფერი იყო გაკეთებული და ამის შესახებ ისაუბრეს კიდევაც უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა.

„ამ დრომდე ამერიკის შეერთებული შტატების არცერთ პრეზიდენტს არასდროს არ მოქცეულა ცენტრალური აზიის მიმართ ისე, როგორც თქვენ“, „უზბეკეთში ჩვენ თქვენ მშვიდობის პრეზიდენტს გეძახით“, - თქვა უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციისგან რეგიონის მიმართ „სრულიად განსხვავებულ მიდგომას“ ხედავს. თეთრი სახლი ახლა „პოლიტიკური თვალსაზრისით მეტ პრაგმატიზმს“ ავლენს, ვიდრე ეს იყო ჯო ბაიდენის დროს, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

„თქვენ ხართ დიდი ლიდერი, სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ზემოდან არის გამოგზავნილი საღი აზრისა და ტრადიციების აღსადგენად, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ და ვაფასებთ“, - თქვა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

თავის მხრივ, ტრამპმა მირზიოევს „ღრმად პატივცემული სახელმწიფო ლიდერი უწოდა“, ტოკაევს კი „რჩეული პრეზიდენტი, დიადი ქვეყნის“.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ასევე შეაქო ამერიკელი ლიდერის ძალისხმევა უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად და მადლობა გადაუხადა მას რუსეთისადმი მოქნილი მიდგომისთვის. მოსკოვის ახლო მოკავშირე ასტანა ცდილობს კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას: მან არც დაგმო და არც დაუჭირა მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, იგი უკრაინაში მშვიდობას „შესაძლებლად“ მიიჩნევს. თუმცა, მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტერიტორიულ მოთხოვნებს არ შეარბილებს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ პუტინმა მაქსიმალური მოქნილობა გამოავლინა. ვფიქრობ, პუტინმა საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ“, - განაცხადა ტოკაევმა და ამით ერთგვარი რევენანსი გაუკეთა პუტინს, რომელსაც იგი რამდენიმე დღეში უნდა შეხვდეს კრემლში.

C5+1 სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაცია ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით მიღწეული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ისტორიული შეთანხმების ფარგლებში მწვანეშუქანთებული „ტრამპის გზის“ ამოქმედება-დატვირთვას და აბრეშუმის გზის აზერბაიჯან-საქართველოს მონაკვეთიდან პოტენციურად შესაძლო ტვირთნაკადის გარკვეული ნაწილის მასზე გადამისამართებას შეუწყობს ხელს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გზაზე სიცარიელის წარმოქმნას.

„აიპრესის“ მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის ომის დაწყების წინა წლებში ჩინეთიდან ევროკავშირს 400 მილიონი ტონა ტვირთი მიეწოდებოდა. აქედან, საზღვაო გზით 300 მილიონი ტონა, ხოლო სახმელეთო გზით (რუსეთის და რუსეთ-ბელორუსის, აგრეთვე, მცირე ნაწილი, ყაზახეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთ-ტაჯიკეთ-ირან-თურქეთის და აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის გავლით) 100 მილიონი ტონა. საქართველოს რკინიგზით შავი ზღვის პორტებამდე 50 მილიონ ტონამდე ტვირთის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი (რკინიგზის მოდერნიზციის შემთხვევაში) ბაქო-თბილის-ყარსის მარშრუტით კი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი 17 მილიონამდე ტვირთის გადატანა.



მასალა მომზადდა „აიპრესის“ მიერ ადრე სხვადასხვა წყაროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე და გუშინდელი სამიტის შესახებ საზღვარგარეთულ პრესის მიერ გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით