"სიმბოლურია, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე. ეს მეხუთე რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის" - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, როცა ასეთი უსუსური პოზიციით ხდება მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენა.
"გიორგი მსხილაძემ თქვა, რომ დღეს არის მეხუთე ვეტო, რაც პრეზიდენტმა გამოიყენაო. ნამდვილად! აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიმბოლურია ის, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე. ეს მეხუთე რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. სამწუხარო და ძალიან მძიმეა, როცა ასეთი უსუსური პოზიციით ხდება მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენა. ეს უნდა იყოს ნამდვილად მოტივირებული და არგუმენტირებული და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებით ორიენტირებული. თუ ნეიტრალურობაზე პრეტენზია აქვს პრეზიდენტს, მაშინ მინიმალურ ტესტს უნდა აბარებდეს და ეს მინიმალური ტესტი დიდი ხანია მან ვერ ჩააბარა, ვერ გადალახა ყოველგვარი ნეიტრალურობის ზღვარი. ეს სამწუხაროა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.