ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ 37 ეჭვმიტანილის, მათ შორის ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა.

პროკურატურის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ ისრაელის ოფიციალური პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან ღაზაში „გენოციდის“ აქტებზე, ასევე ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გადამზიდავი გლობალური ფლოტილია Sumud-ის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე.

განცხადების თანახმად, ისრაელის სახელმწიფოს მიერ ღაზას სექტორში ჩადენილი სისტემატური გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შედეგად, ათასობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაიღუპა, ათასობით ადამიანი დაშავდა, ხოლო საცხოვრებელი ადგილები საცხოვრებლად უვარგისი გახდა.

პროკურატურამ ასევე ყურადღება გაამახვილა გლობალური ფლოტილიის აქტივისტებზე, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებით ღაზას სექტორში მიემართებოდნენ და საერთაშორისო წყლებში ისრაელის საზღვაო ძალები დაესხნენ თავს.

„მოპოვებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, დადგინდა, რომ ისრაელის ჩინოვნიკებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ღაზას სექტორში სისტემატურად ჩადენილი „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა“ და „გენოციდის“ აქტებისთვის, ასევე გლობალური ფლოტილიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის. ვინაიდან ეჭვმიტანილები თურქეთში არ იმყოფებიან და მათი დაკავება შეუძლებელია, 2025 წლის 7 ნოემბერს, პროკურატურის მოთხოვნით, სტამბოლის სასამართლომ 37 პირის, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის, გენერალური შტაბის უფროსის, ეიალ ზამირის და საზღვაო ძალების მეთაურის, დევიდ საარ სალამის, დაპატიმრების ორდერი გასცა თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლით გათვალისწინებული კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული გენოციდის ბრალდებით. გამოძიება საფუძვლიანად და ყოვლისმომცველად გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.