წარმოჩენა, რომ ხალხი ტოვებს საქართველოს, არის დეზინფორმაცია და მანიპულაცია - თითქმის იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მიგრაციასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათთვის პოლიტიკურად საჭირო საკითხებით გადაფარვას ცდილობენ.
"ეს ხომ მარტივი მანიპულაციაა - როდესაც ამბობ, რომ ადამიანი გადის, საზღვარს ტოვებს და თუ არ იტყვი, რამდენი შემოდის, აქ განცდა ჩნდება, რომ ადამიანი წავიდა და თითქოს არ დაბრუნებულა. ეს არის ტყუილი, ეს არის დეზინფორმაცია. "ნაციონალური მოძრობის" წარმომადგენლები ცდილობენ, წვალობენ, რომ ის კონკრეტული საკითხები, რომელიც, რეალურად, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, გადააფარონ მათთვის პოლიტიკურად საჭირო საკითხებით და აქაც მანიპულაციას მიმართავენ. თუ სტატისტიკას ნახავთ, იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული თითქმის," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.