ვაშაძისგან მიჩვეული ვართ, რომ სხვა საკითხებზე საცირკო წარმოდგენებს არ აკლებს საზოგადოებას, თუმცა იმაზე, რაც მას, მის ოჯახის წევრს ან ნათესავს უკავშირდება, მისგან ვერ ვხედავთ იგივე ენთუზიაზმს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
"ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია რაც არის, ვფიქრობ, მინიმუმ დიდ უხერხულობას უნდა გრძნობდეს ბატონი ვაშაძე. ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, რომელთანაც მერე თვითონ აღმოჩნდება ხოლმე ან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული.
ახლაც ვხედავთ, რომ ეს მის ძმასთან არის დაკავშირებული და ფართი, რომლის მესაკუთრეც მისი ძმა გახლავთ, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და უკავშირდება "ქოლ-ცენტრების" საქმიანობას. როგორც მინიმუმ ეს ადამიანი უნდა გრძნობდეს უხერხულობას და მკაფიო ამომწურავ განცხადებას უნდა აკეთებდეს. თუმცა, მისი მხრიდან მიჩვეული ვართ, რომ სხვა საკითხებზე საცირკო წარმოდგენებს არ აკლებს საზოგადოებას, თუმცა, როცა მას ან მის ოჯახის წევრს ან ნათესავს უკავშირდება, მისგან ვერ ვხედავთ იგივე ენთუზიაზმს.
საგამოძიებო კომისიის შექმნა "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით პარლამენტში ხელოვნური აჟიოტაჟის მოწყობის მცდელობაა. როგორც ჩანს მათ ვერ იპოვეს საკუთარი თავი საპარლამენტო მანდატში და ცდილობენ რატომღაც გამომძიებლის საქმიანობა შეითავსონ. თუ მათ ასეთი რამ უნდოდათ, სრული უფლება ჰქონდათ პარლამენტში შემოსვლამდე თავი ეცადათ საგამოძიებო სტრუქტურებში დასაქმებულიყვნენ,"- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.