ეს იყო ღირსეული ქვეყნის, ღირსეული პრემიერის გამოსვლა, რომელიც ფიქრობს საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ხალხზე. დიახ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ჰქვია საქართველო, ვართ ამაყი და ღირსეული ხალხით, ჩვენ ვამაყობთ საკუთარი წარსულით და ვფიქრობთ აწმყოზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხთან დგას. ამასთან, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიცია თავისი ქცევით უპირისპირდება იდენტობას და იმას, რაზეც ქართული სახელმწიფო დგას.

„პრემიერის გზავნილებში მოვისმინეთ, რომ ჩვენს წარსულს დიდ პატივს ვცემთ, საქართველო არის ტოლერანტობის სანიმუშო მაგალითი. ჩვენი კულტურა და წარსული საამაყოა, ჩვენი იდენტობით ვამაყობთ და ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია. ევროპული ღირებულებების ერთგული ვართ. თუ საქართველო რაიმეს იმსახურებს, ეს არის ევროპულ, ღირსეულ კავშირში გაწევრიანება. ოპოზიცია თავისი ქცევით უპირისპირდება ჩვენს იდენტობას და იმას, რაზეც ქართული სახელმწიფო დგას – რწმენაზე, ეკლესიაზე, ღირსებაზე, ისტორიაზე. ჩვენ ვართ შემწყნარებლები და ყველას აზრს ვცემთ პატივს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც უმცირესობის ჯგუფმა გადაფაროს უმრავლესობის ნება. საქართველო იქნება ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის, სიყვარულის ადგილი. ასეთი გეგმაზომიერი და გააზრებული, ეროვნული ნაბიჯებით საქართველოს გავაძლიერებთ და ღირსეულ მომავალს მოვუტანთ“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.