14 მაისი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღეა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, სადაც თამარის ციხის ნანგრევებია, ტრადიციული ღონისძიება - „თამარობა 2026“ ჩატარდა.

სახალხო დღესასწაული, წმინდანი მეფის ხსენებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურებით დაიწყო.

გაიმართა ტრადიციული დოღი, რომელშიც ადგილობრივების გარდა, მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსული ცხენოსნები მონაწილეობდნენ.
ასევე მოეწყო სახალხო მსვლელობა სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლიდან, გეგუთის ციხე- დარბაზამდე.
ღონისძიება თეატრალიზებული კომპოზიციით დასრულდა, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ თამარის ეპოქის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნა გაცოცხლებული.
 შესრულდა ეროვნულ -  პატრიოტული თემატიკის სიმღერები და ცეკვები.

ღონისძიების ორგანიზატორი ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და გეგუთის კულტურის ცენტრი იყო.

სახალხო დღესასწაულს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე,  მოადგილე სერგო კირკიტაძე, მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.