გაეროს უშიშროების საბჭომ ჩააგდო ამერიკული რეზოლუცია ისარელსა და პალესტინურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ომის თაობაზე. ვეტოს უფლება რუსეთმა და ჩინეთმა გამოიყენეს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს ასევე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. ორმა ქვეყანამ - მოზამბიკამ და ბრაზილიამ თავი შეიკავეს. ათმა ქვეყანამ რეზოლუციას ხმა მისცა.

დოკუმენტის პროექტში ისრაელზე ჰამასის თავდასხმა იგმობოდა და "გამაოგნებელ ტერორისტულ შეტევად" იყო შეფასებული. ამასთან, ხაზგასმული იყო ისრაელის მიერ თავდაცვის უფლება. დოკუმენტი ასევე შეიცავდა მოწოდებას, ტყვეთა დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აღსრულებისკენ. ამავდროულად, რეზოლუციის პროექტში არ იყო პუნქტი ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ.

რუსეთისა და ჩინეთისთვის რეზოლუციის ჩაგდების მთავარ არგუმენტად სწორედ ამ უკანასკნელი პუნქტის არარსებობა იქცა. რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ დოკუმენტს "პროამერიკული" და "მთლიანად პოლიტიზებული" უწოდა. ხოლო ჩინეთის წარმომადგენელმა ჩჟან ცზიუნმა მთავარ პრობლემად ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოწოდების არარსებობა დაასახელა. და რეზოლუციის პროექტს "სერიოზულად დაუბალანსებელი" უწოდა.

თავის მხრივ "ჰამასმა" რუსეთსა და ჩინეთს მადლობა შეუთვალა ამერიკული რეზოლუციის ჩაგდების გამო და მადლიერება გამოხატა ასევე "ყველა იმ ქვეყნის მიმართ, როგორც უშიშროების საბჭოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ღაზა სექტორისა და პალესტინელი ხალხის მიმართ ისრაელის უსაფუძვლო აგრესიას გმობენ".

გაეროს უშიშროების საბჭოს იმავე სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის ახალი - რუსული პროექტი, თუმცა ისიც ჩავარდა. პროექტის წინააღმდეგ აშშ-მა და ბრიტანეთმა გაილაშქრეს, 9 ქვეყანამ თავი შეიკავა, მხარდაჭერა კი მას ჩინეთმა, რუსეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და განამ გამოუცხადეს.

რუსული დოკუმენტი ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოწოდებას შეიცავდა და ღაზას სექტორზე ისრაელის "არაშერჩევით დარტყმებს" გმობდა.