ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი  bfmtv აქვეყნებს.

ჟან-ნოელ ბაროს ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ვიდეოს გამოქვეყნებას, რომელიც ასახავს „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ აქტივისტების დამცირებას დაკავების დაწესებულებებში ულტრამემარჯვენე მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის, თანდასწრებით.

„ჩვენ არ ვამართლებთ ამ ფლოტილიის ქმედებებს, რომლებიც უსარგებლოა და დიპლომატიურ და საკონსულო სამსახურებს ტვირთად აწვება, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ავიტანოთ საფრანგეთის მოქალაქეებისადმი მუქარა, დაშინება და არასათანადო მოპყრობა, განსაკუთრებით საჯარო მოხელის მხრიდან“, - განაცხადა ჟა-ნოელ ბარომ. 

„ჩემი იტალიელი კოლეგის მსგავსად, მეც ვთხოვ ევროკავშირს, დააწესოს სანქციები იტამარ ბენ გვირის წინააღმდეგ“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ პროპალესტინური ჯგუფების მიერ ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ორგანიზებული „გლობალური სუმუდის ფლოტილია“, რომლის შემადგენლობაშიც 50 გემი შედიოდა, თურქეთიდან 14 მაისს გავიდა. 18 მაისს ისრაელმა 50-ვე გემი საერთაშორისო წყლებში დააკავა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კი სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დადის იგი ისრაელის დროშის ქნევით მუხლებზე დაჩოქილ, ზურგს უკან ხელებშეკრულ და თავდახრილ აქტივისტებს შორის და ყვირის: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელში, აქ ჩვენ ვართ მმართველები“

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ისრაელი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა.