შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა "ITB China 2026-ზე" საქართველოს ეროვნული პავილიონის გახსნას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.

წელს საქართველო გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.

ეროვნულ პავილიონში იმართება ტურისტული კომპანიების საქმიანი შეხვედრები, კულტურული ღონისძიებები, ქართული ღვინისა და კულინარიის პრეზენტაცია.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილია ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული არქეოლოგიური ექსპონატებისა და ქრისტიანული ხელოვნების უნიკალური  ნიმუშების ასლები, რომლებიც ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეებამდე ქართული ცივილიზაციის განვითარებას, ქართული ოქრომჭედლობისა და ღვინის მრავალსაუკუნოვან კულტურას ასახავს.

ასევე, საქართველოს პავილიონში მოეწყო ტრადიციული რეწვის გამოფენა; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდა თიხისა და ტექსტილის ნამუშევრების ქართული ანბანითა და ორნამენტებით მოხატვის მასტერკლასები.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული ფოლკლორისა და ცეკვის პროგრამით წარმოდგენილია ანსამბლი „რუსთავი“.

საქართველოს ეროვნულ პავილიონში დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

"ITB China 2026-ში" მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთსა და აზიის რეგიონში საქართველოს ცნობადობის ზრდას, ტურისტული ნაკადების მოზიდვასა და ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.