ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ექვს მილიონამდე საარტილერიო ჭურვი მიაწოდა, – ამის შესახებ Reuters წერს. ამასთან, როგორც Reuters გამოძიების შედეგები აჩვენებს, ჩრდილოეთ კორეამ, მხოლოდ ბოლო 20 თვის განმავლობაში, რუსეთს ოთხი მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა, რომლებიც აქტიურად გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში.
Reuters-ის გამოძიება ადასტურებს, რომ ჭურვების მიწოდებები ხორციელდება სისტემურად – საზღვაო და სარკინიგზო მარშრუტებით, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები.
გამოძიების ფარგლებში აკვირდებოდნენ 64 რეისს ჩრდილოეთ კორეის პორტ "რაჯინში", რომლებიც 2023 წლის სექტემბრიდან 2025 წლის მარტამდე ოთხი რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემით რუსეთის პორტებში "ვოსტოჩნი" და "დუნაი" ჩავიდნენ. ამ რეისებით მიწოდებული იყო თითქმის 16 ათასი კონტეინერი საარტილერიო ჭურვებითა და სხვა საბრძოლო მასალებით, რომლებიც შემდგომ რკინიგზით უკრაინის საზღვართან მდებარე საწყობებში ჩაიტანეს.
ჭურვების გარდა ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ასევე გადასცა საარტილერიო დანადგარები და ბალისტიკური რაკეტები.
"ჩრდილოეთ კორეა რუსეთის არმიისთვის საბრძოლო მასალების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა. ამ მიწოდებების მასშტაბი და სისტემატურობა ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ახალ დონეს სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაში, რომლებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან", – წერს Reuters.
როგორც სააგენტო იუწყება, 2024 წელს სხვადასხვა ცალკეული რუსული ქვედანაყოფების მიერ გამოყენებული საარტილერიო ჭურვების უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთ კორეიდან იყო.