Reuters-ის ცნობით, რომელიც ირანის მაღალი თანამდებობის პირს ეყრდნობა, ირანი აშშ-ს მოთხოვნას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ უარყოფს. წყაროს ინფორმაციით, თეირანი იმ მეზობელ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც აშშ-ს სამხედრო ბაზებია განთავსებული, ჩართულობის შემთხვევაში სამხედრო დარტყმით ემუქრება.
Reuters-ის ანონიმური წყაროს ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ირანი ტრამპის პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნას არ თანხმდება, მას კვლავ სურს ირიბი დიალოგის გაგრძელება ომანის შუამავლობით. ომანი წლებია ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს ირგებს.
წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა "დაბრკოლებებით სავსე გზა იყოს, თუკი აშშ ამას მხარს დაუჭერს, ირიბი დიალოგი შეიძლება მალე დაიწყოს.
წყაროს თქმით, ირანმა ერაყს, თურქეთს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და ბაჰრეინს ოფიციალურად აცნობა, რომ აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის აშშ-ს მხრიდან მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება, ავტომატურად მტრულ ქმედებად აღიქმება.
"ამგვარ ქმედებას მათთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება," - თქვა ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დაამატა, რომ ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.