Reuters-ის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლა" მზად არის, ლიბანის პრეზიდენტთან განიარაღების საკითხი განიხილოს, თუ ისრაელის შეიარაღებული ძალები სამხრეთ ლიბანს დატოვებს.

"ჰეზბოლა"მზად არის, განიხილოს საკუთარი შეიარაღების საკითხი, თუ ისრაელი დატოვებს სამხრეთ ლიბანის ხუთ ბორცვს და შეწყვეტს აგრესიას ლიბანის წინააღმდეგ". - განაცხადა "ჰეზბოლას" ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Reuters-სთან.

ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა, რომელმაც ეს თანამდებობა იანვარში დაიკავა, პირობა დადო, რომ ქვეყანაში იარაღის მფლობელობაზე მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს ექნება.

სააგენტო სამ პოლიტიკურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აუნი უახლოეს პერიოდში "ჰეზბოლასთან" იარაღის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მსხვილი პროირანული ერაყული დაჯგუფებები მზად არიან, ტრამპის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებისთვის თავის ასარიდებლად იარაღი დაყარონ. 

ამის შესახებ გამოცემა 10 უფროს სარდალსა და ერაყელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს. 

როგორც Reuters-ს წყაროებმა უთხრეს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკელმა თანამდებობის პირებმა ერაყის მთავრობა გააფრთხილეს, რომ თუ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ დაჯგუფებებს არ დაშლიდა, მათ წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს მიიტანდა.