სენიორ მონოს მიერ გადაღებული ახალი დოკუმენტური სერიალი "THE TOPURIAS" ასახავს UFC-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას გზას ქვემსუბუქი წონის პირველი სატიტულო ბრძოლიდან დღემდე.
სერიალი ექსკლუზიურად შეგვახედებს ქართველი-ესპანელი მებრძოლის შიდა წრეში და მის სრულიად განსხვავებულ, პერსონალურ მხარეს დაგვანახებს თუ როგორ ურთიერთობს ის გუნდთან თუ მეგობრებთან და როგორია მისი ცხოვრება UFC-ის ოქტაგონს მიღმა.
"თოფურიების" მსოფლიო პრემიერა HBO Max-ზე გუშინ, 5 ივნისს შედგა, TNT Sports-ზე კი მაყურებელი 7 ივნისს იხილავს.
UFC-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ილია თოფურია, მისი ოჯახი და გარემოცვა მონაწილეობენ ამ ახალ ორიგინალურ წარმოებაში, რომელიც სამი 50-წუთიანი ეპიზოდისგან შედგება.
მილიონობით MMA გულშემატკივრის, სხვადასხვა ასაკის, სქესისა და ეროვნების კერპი - ასე ახასიათებენ ილია თოფურიას სერიალში, მაგრამ რა იმალება მისი წარმატების უკან? თავგანწირვის რა ისტორიები არ ვიცით? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მას სპორტის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ახლდნენ და როგორია მათი ცხოვრება?
"თოფურიები" ავლენს იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ქართველი ჩემპიონის ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამავდროულად, სერიალი თოფურიების ოჯახისა და მათი უახლოესი წრის პირად ცხოვრებაზე უპრეცედენტო წვდომას გვთავაზობს.
დოკუმენტური ფილმი ასახავს ილია თოფურიას გზას 2024 წლის ოქტომბერში პირველი მსოფლიო ტიტულის მოპოვებიდან დაწყებული, 2025 წლის ივნისში UFC-ის მსუბუქი წონის მსოფლიო ტიტულის მოსაპოვებლად მზადებით და კულმინაციით, რომელიც ერთი წლის შემდეგ UFC-ის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდ ღონისძიებაზე ოქტაგონზე დაბრუნებისთვის მზადებით სრულდება. 14-15 ივნისის გამთენიისას, ილია თოფურია ისტორიას შექმნის, როდესაც თეთრ სახლში UFC FREEDOM 250-ის ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებს და UFC-ის მსუბუქი წონის მსოფლიო ტიტულს დაიცავს.
მაყურებელს შეეძლება გაიაროს დიდებისკენ მიმავალი ეს გზა, სავსე მსხვერპლით, ძალისხმევითა და დისციპლინით, რომელზეც თოფურიას ყოველ ნაბიჯზე ახლავს და მხარს უჭერს მისი ცხოვრების საყრდენი: ოჯახი, უახლოესი მეგობრები და ფიტნეს მწვრთნელთა გუნდი.
სერიალი მაყურებელს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს გაეცნოს სპორტული ლეგენდის პირად მხარეს, როგორც UFC-ის ოქტაგონის შიგნით, ასევე მის გარეთ, ავლენს მის რეალობას, როგორც მამის, შვილის, ძმის, მეგობრისა და მეწარმის, მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანების თვალით.










