ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული პრესა აქვეყნებს.

5 ივნისის დილით რუმინეთის პორტ კონსტანცაში, ნავთობტერმინალთან ახლოს, საზღვაო დრონი აფეთქდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა. ინციდენტიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონი უკრაინული იყო და უკრაინულმა მხარემ რუმინეთი სავარაუდო საფრთხის შესახებ გააფრთხილა. თუმცა, როგორც რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი რადუ მირუცა ამბობს, დრონები პორტის სიახლოვეს დილის დაახლოებით 06:00 საათზე შენიშნეს, უკრაინულმა მხარემ კი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხოლოდ დილის 10:00 საათისთვის, აცნობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

უკრაინის ხელისუფლებამ რუმინეთის ხელისუფლებას აცნობა, რომ რუსეთის რადიოელექტრონული დანაყოფის ჩარევის შემდეგ მათ დაკარგეს კონტროლი დრონებზე და ერთ-ერთი ძალიან მოკლე დროში აფეთქდებოდა კონსტანცას პორტში.  მან შეტყობინებამ ჩვენ 10-15 წუთი მოგვცა იმისთვის, რომ ტერიტორიიდან გაგვეყვანა ხალხი, რომელიც ადგილზე სიტუაციის გასაანალიზებლად მივიდნენ და მსხვერპლი ავიცილეთ. როდესაც უკრაინის ხელისუფლებისგან ეს შეტყობინება მივიღეთ, დავურეკე უკრაინის თავდაცვის მინისტრს და ღიად განვაცხადე, რომ როცა ისინი კონტროლს კარგავენ, ჩვენ ამის შესახებ რაც შეიძლება მალე უნდა ვიყოთ ინფორმირებულები. 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ კატალინ პრედოვიუსთან ერთად, მან მოითხოვა შეხვედრა უკრაინის ოფიციალურ პირებთან სიტუაციის გასარკვევად.

„ბატონ პრედოვიუსთან ერთად, ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა უკრაინის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. ეს არის ომში მყოფი ქვეყანა, სადაც მოვლენები ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, მაგრამ ამავდროულად, ჩვენთვის უფრო ადვილია რეაგირება, თუ გვეცოდინება, თუნდაც არა აუცილებლად დეტალურად, რომ ამ დრონებზე კონტროლი დაკარგულია და რომ ისინი შესაძლოა რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა მირუცამ.