საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პრეზიდენტი ტრამპის მოწონების რეიტინგი, მისი მეორე ვადის განმავლობაში რეკორდულად დაბალია. ამის მიზეზი ეკონომიკური არასტაბილურობა და ჰუსიტების დაბომბვის Signal-ზე განხილვის სკანდალია.

Reuters/Ipsos-ის ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი 43% იყო, რაც მარტის ბოლოს ჩატარებულ კვლევაზე 2%-ით ნაკლებია. მას შემდეგ, რაც ტრამპი 20 იანვარს პრეზიდენტად დაბრუნდა, მისი მოწონების რეიტინგი 47%-ს შეადგენდა.

ბოლო კვლევაში, გამოკითხულთა 37%-ს აკმაყოფილებდა ტრამპის მიერ ეკონომიკის მართვა, ხოლო 30% იწონებდა მის მიდგომას ფასების ზრდის წინააღმდეგ.

ამერიკელთა უმრავლესობამ, 52%-მა თქვა, რომ მანქანებსა და ავტონაწილებზე ტარიფების გაზრდა საზიანო იქნება მოქალაქეებისთვის. რესპონდენტთა ანალოგიურმა ნაწილმა თქვა, რომ ტარიფების ზრდა ყველა საქონელზე, გააუარესებს სიტუაციას.

კვლევის თანახმად, რესპუბლიკელი და რესპუბლიკელების მიმართ სიმპათიებით განწყობილი ამომრჩევლების დაახლოებით მესამედმა განაცხადა, რომ ტარიფები ზიანს აყენებს ეკონომიკას.

კვლევის რესპონდენტებმა ასევე ტრამპი გააკრიტიკეს Signal-ის ჩატის გაჟონვის გამო, რომელშიც მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები იყვნენ. The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა გასულ კვირას გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ ის Signal-ის ჯგუფში დაამატეს, რომელშიც იემენელი ჰუსიტების დაბომბვის გეგმებს განიხილავდნენ. მიმოწერისას საიდუმლო ინფორმაციაც გაზიარდა.

გამოკითხულთა დიდმა უმრავლესობამ, 74%-მა, მათ შორის დემოკრატების 91%-მა და რესპუბლიკელების 55%-მა განაცხადა, რომ ომის გეგმების ამგვარად განხილვა "უგუნურებაა."

მოქალაქეების მხოლოდ მესამედზე მეტმა, 34%-მა მოიწონა ტრამპის საგარეო პოლიტიკა, რაც წინა კვლევაზე 3%-ით ნაკლებია. თითქმის ნახევარი, 48% კმაყოფილი იყო პრეზიდენტის მიგრაციული პოლიტიკით.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს 10%-იანი საბაზისო ტარიფი დააწესა აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე, მაგრამ ბევრ ქვეყანას ბევრად უფრო მაღალი ტარიფები დაუწესა, მათ შორის არის ჩინეთი, ვიეტნამი, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, შვეიცარია, ინდონეზია, მალაიზია, კამბოჯა და ევროკავშირი.

ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი ყველაზე მაღალია: პრეზიდენტმა ოთხშაბათს 34%-იანი ტარიფი გამოაცხადა, რომელიც ადრე დაწესებულ 20%-ს დაემატება და ჯამში გადასახადის მთლიანი მოცულობა 54%-ია.

სხვა ქვეყნები, რომლებსაც მაღალი ტარიფები დაუწესდათ არის ვიეტნამი (46%), ტაივანი (32%), ინდონეზია (32%) და კამბოჯა (49%).

აშშ-ის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას "ისტორიული ბრძანება" უწოდა: "ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ამერიკის ისტორიაში."

მან ასევე დაადასტურა, რომ ის 25%-იან ტარიფს დააწესებს შეერთებულ შტატებში ყველა ავტომობილის იმპორტზე.

ტრამპის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ტარიფი 10%-ია. 2024 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტის მოცულობა 141 მილიონი აშშ დოლარი იყო, ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქტი კი  ფეროშენადნობები - 90 მილიონი დოლარი.

Reuters/Ipsos-ის კვლევა 31 მარტიდან 2 აპრილამდე, 1486 ამერიკელს შორის ჩატარდა. ცდომილების ზღვარი დაახლოებით 3% იყო.