"როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება საქართველოში. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, მიღების შემთხვევაში ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, უნდა მოუსმინოს თუ არა საქართველოს მთავრობამ პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა:
„მე უცხოელი დიპლომატი ვარ. ჩემი როლი არ არის საქართველოს მთავრობისთვის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიისთვის საქართველოში რჩევის მიცემა. ქართველების გადასაწყვეტია, რა მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩემი როლია, წარმოვადგინო, რა მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობას, რა სარგებელს მოუტანს ეს ქართველ ხალხს და ასევე, წარმოვადგინო აქ, საქართველოში მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილების შედეგები. თუმცა გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული საქართველოში ქართველების მიერ, არა უცხოელების მონაწილეობით. ვფიქრობ, ქართველი ხალხის მრავალი თაობა იბრძოდა ამისთვის, რომ ყოფილიყვნენ სრულად თავისუფლები და გადაწყვეტილებები მიეღოთ თავიანთი მომავლის შესახებ თავად და არა – სხვებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.