ასეთი განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაგნუს ცაჰკნამ, ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში ინტერნეტის გათიშვა შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმის მობილიზაციას უკავშირდებოდეს. ესტონელი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზელენსკი კრემლის ნარატივს გადმოსცემს და რომ ასეთი განცხადებები თანამშრომლობას ხელს არ შეუწყობს, - წერს ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტი და განაგრძობს:

როდესაც ჰკითხეს, გამოიყენებს თუ არა ნატო მე-5 მუხლს, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმის შემთხვევაში ერთობლივ დაცვას ითვალისწინებს, ზელენსკიმ უპასუხა;

„ვფიქრობ, რომ შესაძლოა ყველა ქვეყანას არ სურს [ბალტიისპირეთის ქვეყნების] მხარდაჭერა, მაგრამ მე მჯერა, რომ ნატოს ქვეყნებს არჩევანი არ აქვთ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატო არ იარსებებს. მათ ერთად უნდა იმოქმედონ და უპასუხონ პუტინის პოტენციურ ქმედებებს“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ არაერთხელ მიანიშნა, რომ შესაძლოა ის არ იყოს ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა. უფრო მეტიც, ბალტიისპირეთის ქვეყნები პირდაპირ იყო ნახსენები.

ცაჰკნას თქმით, მოკავშირის მხრიდან ასეთი განცხადებები თანამშრომლობას ხელს არ უწყობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

„პირველ რიგში, ასეთი განცხადებები არ შეესაბამება ჩვენს სადაზვერვო მონაცემებს ან საფრთხის ჩვენეულ შეფასებას. ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ძალების მობილიზებას ან ნატოზე ან ბალტიისპირეთის ქვეყნებზე სამხედრო თავდასხმისთვის მომზადებას, უფრო პირიქით. რუსეთი არც ისე ძლიერი პოზიცია აქვს უკრაინის ფრონტზე და ასევე ეკონომიკურად“, - თქვა ცაჰკნამ.

თუმცა, ცაჰკნას თქმით, ნატოს წესდების მე-5 მუხლის დარღვევაზე საუბარი არ არის.

„რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკული პოზიცია ევროპელი მოკავშირეების მიმართ ნატოს კონტექსტში სიძლიერეს ზრდას არ ემსახურება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნატოს არ შეუძლია რეაგირება და ნატო აუცილებლად უპასუხებს, თუ რომელიმე წევრ სახელმწიფოს თავს დაესხმებიან - ამაში ეჭვი არ ეპარება“, - თქვა ცაჰკნამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთს, ალიანსის გარდა, თავდაცვის საკუთარი შესაძლებლობებიც გააჩნია.

რიიგიკოგუს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა, ასევე განაცხადა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებიან შემდეგი.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითი ევროპისკენაა გაშვერილი და მიანიშნებს: თუ ჩვენ როგორმე უფრო სუსტ პოზიციაში აღმოვჩნდებით ან წავაგებთ, მაშინ თქვენ, ან პირველ რიგში ბალტიისპირეთის ქვეყნები, იქნებით შემდეგი. ეს, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა და უდავოდ კვებავს რუსეთის შეხედულებას, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული მხარე, თავდამსხმელი, თქვენ კი უკან დახეული და წაგებული მხარე“, - თქვა მიჰკელსონმა.

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეს თემა უკრაინელებთან შეხვედრების დროსაც წამოიჭრა და სერიოზული საფრთხის შემთხვევაში, მოკავშირეებმა მედიაში ცეცხლის გაღვივების ნაცვლად, მსგავსი შეტყობინებები უნდა გაცვალონ ერთმანეთთან. თუმცა, მედიაში გავრცელებული შეტყობინებები ხშირად სპეკულაციურ ხასიათს ატარებს.

„ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო უნდა იყოს ერთიანი და მზად იყოს პუტინის ქმედებებზე რეაგირებისთვის. ვეთანხმები, რომ არავის შეუმცირებია მე-5 მუხლისადმი ნდობა ისე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტიც ძირს უთხრის მას“, - თქვა მიჰკელსონმა და დასძინა:

უკრაინის პრეზიდენტმა არ უნდა შეუწყოს ხელი რუსული თეზისების გავრცელებას.

ესტონეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის, მარტინ ჰელმეს თქმით, ზელენსკის გზავნილი არაფერს ახალს არ შეიცავს მისი მტკიცებით, თავად ესტონეთმაც შეიტანა წვლილი ამ ნარატივის ჩამოყალიბებაში.

„ვფიქრობ, რომ მათ [დიპლომატებმა] თავად შექმნეს ეს ნარატივი. უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, რეფორმების პარტიის (რომლის თავმჯდომარეც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იყო ევროკომისრის თანამდებობის დაკავებამდე - „აიპრესი“) ცენტრალური გზავნილი იყო ის, რომ ხალხი უნდა მოტყუვდეს და რუსეთის შიში გაუჩნდეს, შემდეგ კი, ამ შიშის საფარქვეშ, მათ შეუძლიათ გადასახადების გაზრდა და შიდა პოლიტიკური ოპოზიციის დემონიზაცია, მათი კრემლის მოკავშირეებად წარმოჩენა“, - თქვა ჰელმემ.

ჰელმეს თქმით, ზელენსკის მიზანი ასეთ გამოსვლების დროს არის შიშის ატმოსფეროს შექმნა, რაც მის მოკავშირეებს აიძულებს, მეტი აღჭურვილობა მიაწოდონ მას.